ახალი ამბები

გიორგი ბახტაძე შალვა რამიშვილის და თათია სამხარაძის საუბრის “აუდიოჩანაწერის” გასაჯაროებას ითხოვს

25 აპრილი, 2016 • 1776
გიორგი ბახტაძე შალვა რამიშვილის და თათია სამხარაძის საუბრის “აუდიოჩანაწერის” გასაჯაროებას ითხოვს

ტელეკომპანია “იმედის” გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე განცხადებას ავრცელებს. იგი ითხოვს “თათია სამხარაძისა და შალვა რამიშვილისგან, საჯარო გახადონ მრავალჯერ ნახსენები აუდიოჩანაწერი, რის შემდეგაც ცხადი გახდება შალვა რამიშვილთან ხელშეკრულების გაწყვეტის რეალური მიზეზი”.

“ბატონი შალვა რამიშვილი განაგრძობს თავის ცილისმწამებლურ კამპანიას ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ, რათა გადაფაროს მასთან ურთიერთობის გაწყვეტის რეალური მიზეზი.

ბოლო კვირის განმავლობაში ბატონი რამიშვილი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტელეიმედთან მასთან დაკავშირებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი ანგარიშის დაფარვაზე. ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება, რომელზე მუშაობის პროცესშიც შალვა რამიშვილმა ტელევიზიის და თავისი ადვოკატების თანდასწრებით წერილობით დააფიქსირა, რომ მას “არ გააჩნია არანაირი პრეტენზია ტელევიზიის, მისი დამფუძნებლების, აფილირებული და დაკავშირებული პირების მიმართ”, არ გახსენებია რა ჩემ მიერ განხორციელებული ზეწოლა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რითაც დღეს აპელირებს.

ეთიკური და სხვა ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა იმ ჩანაწერის გასაჯაროება, რომელიც თათია სამხარაძემ მომასმენინა. მაგრამ რადგან შალვა რამიშვილმა პოლიტიკური დევნილის იმიჯის მორგება გადაწყვიტა, მე მოვითხოვ თათია სამხარაძისა და შალვა რამიშვილისგან, გაასაჯაროონ მრავალჯერ ნახსენები აუდიოჩანაწერი. რის შემდეგაც ცხადი გახდება შალვა რამიშვილთან ხელშეკრულების გაწყვეტის რეალური მიზეზი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ რაც მე მოვისმინე, საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეწყდეს საქმიანი ურთიერთობა”, – ნათქვამია ბახტაძის განცხადებაში.

ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი წამყვანი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ ტელევიზიიდან მმართველთან უთანხმოების გამო დაითხოვეს, ხოლო თათია სამხარაძესთან  დაკაშირებული ინციდენტი მხოლოდ საბაბია.

შალვა რამიშვილმა 22 აპრილს საჯარო გახადა სატელეფონო ჩანაწერები, სადაც მისი თქმით, ასახულია, თუ როგორ ახორციელებდა ტელეკომპანიის დირექტორი გიორგი ბახტაძე მასზე ზეწოლას.

შალვა რამიშვილის თქმით, მიზეზი, რის გამოც მას ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოუვიდა, უკავშირდება გადაცემა “პოლტიკაში” სასამართლო სისტემის გაშუქებასა და ლევან მურუსიძის მიწვევას. რამიშვილის თქმით, ბახტაძემ მას მისცა სია, რომლის მიხედვითაც გადაცემაში უნდა მიეწვია მურუსიძის მომხრე მოსამართლეები შალვა შავგულიძის პირისპირ. რამიშვილმა ბახტაძის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი