ახალი ამბები

საჯარო რეესტრი ქონების რეგისტრაციისათვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიას გამოიყენებს

22 აპრილი, 2016 • 2849
საჯარო რეესტრი ქონების რეგისტრაციისათვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიას გამოიყენებს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების რეგისტრაციისას ახალ ტექნოლოგიას − ბლოკჩეინს (Blockchane) გამოიყენებს.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის კომპანია BitFury Group-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს კომპანია  სააგენტოს დაეხმარება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დასანერგვაში.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი ახალი ტექნოლოგიით იქნება დაცული, რაც უზრუნველყოფს რეგისტრაციის მსვლელობის უსაფრთხოებას, გამჭვირვალობასა და სანდოობას. ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს დარეგისტრირებული დოკუმენტების დაცვას მანიპულაციებისა და არაკანონიერი ქმედებისგან. ტექნოლოგია ტრანზაქციების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, ეს კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მარტივად მართონ თავიანთი ქონება.

“საჯარო რეესტრი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე უწყებაა. ვფიქრობთ, 21-ე საუკუნის ეს მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც პრაქტიკული კუთხით, ისე საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარმოსაჩენად. საჯარო რეესტრი მსოფლიოში უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც ნებისმიერი სისტემის უსაფრთხოების გარანტორია და უზრუნველყოფს განხორციელებული ტრანზაქციების დაცულობას, გამჭვირვალობასა და მოქნილობას,” − აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

რა არის ბლოკჩეინი?

ბლოკჩეინი არის მონაცემების რეესტრი. როდესაც ინფორმაცია ხვდება ბლოკჩეინზე, მისი შეცვლა აღარავის შეუძლია. სპეციალური კოდით მასზე ხელი მიუწვდება მხოლოდ მის განმთავსებელს.

2017 წელს აშშ-ში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით გამართულ გლობალურ ფორუმზე კომპანია საჯარო რეესტრის ერთ-ერთ იმ სერვისს წარადგენს, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიით იქნება უზრუნველყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი