ბაღათურიას შეთავაზება დეპუტატებს – “რეალითი შოუ” საარსებო მინიმუმის დასადგენად

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ჯონდი ბაღათურიას საკანონმდებლო წინადადებას “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ამ კანონპროექტის მიხედვით, პენსიის ოდენობა არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე დაბალი და განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანინით.

ამასთან, ჯონდი ბაღათურია პარლამენტს პენსიის ოდენობის შემდეგი ფორმულით განსაზღვრას სთავაზობდა: P=M+S*2+X+Y, სადაც P არის პენსიის ოდენობა, M არის საარსებო მინიმუმი, S – პენსონერის სამუშაო სტაჟი,  X – სახელფასო განაკვეთიდან დაანგარიშებული კომპონენტი, ხოლო Y – პენსიონერის დამსახურება.

სხდომაზე კამათი საარსებო მინიმუმის რაოდენობას მოჰყვა. ბაღათურიას მონაცემებით, საარსებო მინიმუმი არა 166 ლარია, როგორც ეს ახლაა განსაზღვრული,  არამედ 215 ლარი. ბაღათურიამ დეპუტატებს “რეალითი შოუში” მონაწილეობა შესთავაზა:

“თუ გნებავთ, ვცადოთ, რეალითი შოუ მოვაწყოთ, მეც წამოვალ ამაზე, რამდენიმე დეპუტატი წამოიყვანეთ და 166 ლარად ერთი თვე ვიცხოვროთ. შეუძლებელია შუქის ფული გადაიხადო, გაზის ფული გადაიხადო, პური იყიდო და წყალი იყიდო,” – განაცხადა ბაღათურიამ.

საკანონმდებლო წინადადების ინიციატივად ქცევას კომიტეტმა 2 მომხრით 2-ის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.