ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარი დაუჭირა

22 აპრილი, 2016 • 1215
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, 8 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, პროპორციული საარჩევნო სისტემით,  მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით.

ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავს, თუმცა შესაძლოა ცვლილებებისთვის საჭირო 113 ხმა არ მოგროვდეს, რადგან “ნაციონალური მოძრაობას” სურს, საარჩევნო სისტემა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეიცვალოს და არა 2020 წლისთვის, რასაც ეს პროექტი ითვალისწინებს.

“უმრავლესობისთვის ეს კანონი არის მხოლოდ და მხოლოდ სახის შენარჩუნების მცდელობა. ყველა ვთანხმდებით, რომ მაჟორიტარულმა სისტემამ ამოწურა თავი. ეს კანონი კი სახის შენარჩუნების მცდელობაა, ისინი ამბობენ – აი, მერე ამოქმედდება. შეგვიძლია კანონპროექტში ჩავწეროთ, რომ 21-ე საუკუნის ბოლოსთვის იქნება სხვანაირი სისტემის არჩევნები, მაგრამ აქტუალური არის, რომ ეს მოხდეს დღეს,” – ამბობს რატიანი.

ცვლილებებების 2016 წლის არჩევნებისთვის განხორციელება სურთ “თავისუფალ დემოკრატებსაც”, თუმცა “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით წარმოდგენილ კანონპროექტს მხარს მაინც უჭერენ, რასაც შალვა შავგულიძე შემდეგნაირად ხსნის:

“მხარს ვუჭერთ მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ იქნებ ყინული მართლაც დაიძრას იმ მიმართულებით, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება არის სასარგებლო.”

სერგო რატიანი და შალვა შავგულიძე მიიჩნევენ, რომ უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებზე გაცილებით უკეთესი 200 000 მოქალაქის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტია. ამ პროექტის მიხედვით,  2016 წლის არჩევნებისთვის პარლამენტი დაკომპლექტდება ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო-პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი