ახალი ამბებიკინო

პროექტის „გადაიღე საქართველოში“ გასაცნობად დისნეის ჯგუფი თბილისში ვიზიტს გეგმავს

22 აპრილი, 2016 • 1412
პროექტის „გადაიღე საქართველოში“ გასაცნობად დისნეის ჯგუფი თბილისში ვიზიტს გეგმავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის, „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაცია დაიწყო.

ქართული დელაგაციის წევრებმა ლოს-ანჯელესში Disney-ს, Paramount Pictures-ის, NBC universal-ის, Universal pictures-ის, Warner Brothers-ის, HBO-სა და Fox-ის წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები.

ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები, მათ შორის კერძო საპროდიუსერო კომპანიები: JTW Metro, MillimeterFilm და ABK communications სტუმრად იმყოფებოდნენ დისნეის ოფისში, სადაც შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ სამუშაო პროცესს, სტუდიებსა და სცენებს.

სამინისტროს ინფორმაციით, დისნეიმ ასევე უმასპინძლა პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაციას, რომელსაც Marvel Entertainment-ის, LLC-ის და ABC TelevisionGroup-ის მფლობელები დაესწრნენ. მათ დეტალურად მოისმინეს კომპონენტით გათვალისწინებული პირობები და გაეცნენ საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების ცენტრის შესაძლებლობებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დისნეის მხრიდან კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მიმართ ინტერესი უკვე გამოითქვა და მათი წარმომადგენლობა საქართველოში უახლოეს მომავალში ვიზიტსაც გეგმავს.

პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით ლოს-ანჯელესში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენა, ე.წ location show, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მოუყრის თავს, რაც სამინისტროს განცხადებით, საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა საკუთარი პოტენციალის წარმოსაჩენად და ამ კუთხით წამყვან კინომწარმოებლებთან კონტაქტების დასამყარებლად. ასევე, სააგენტოს ორგანიზებით, 25 აპრილს გათვალისწინებულია ჰოლივუდის წამყვანი პროდიუსერების ოფიციალური მიღება, მათი მასპინძლობა და პროგრამის წარდგენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი