ახალი ამბები

NGO-ები: სუს-მა აუდიტორია 115-ის წევრებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე მოკვლევა უნდა დაიწყოს

22 აპრილი, 2016 • 1223
NGO-ები: სუს-მა აუდიტორია 115-ის წევრებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე მოკვლევა უნდა დაიწყოს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ავრცელებს მიმართვას, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შსს-ს მოუწოდებს, რომ დაიწყოს მოკვლევა თსუ-ში დაარსებული სტუდენტური მოძრაობის, აუდიტორია 115-ის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ზეწოლის შესახებ.

ნეტგაზეთთან 19 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათივე თანამშრომლები სტუდენტებზე ან ოჯახის წევრებზე ზეწოლას ახდენდნენ, თუმცა არ განუმარტავთ, იყო თუ არა ამ საკითხზე დაწყებული მოკვლევა.

არასამთავრობო ორგანიზაციები EMC, OSGF, ISFED, ადამიანის უფლებათა ცენტრი, TI და საია მოუწოდებენ:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს, გამოეხმაურონ გავრცელებულ ფაქტებს და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, რას გეგმავენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სამართალდამცავი და უსაფრთხოების ორგანოების ჩარევის თავიდან აცილების მიზნით;
  • შესაბამისი სამსახურების გენერალურ ინსპექციებს, დაიწყონ სამსახურებრივი მოკვლევა ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით და დროულად გაასაჯაროონ მოკვლევის შედეგები;
  • საქართველოს პარლამენტს, განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი აღნიშნული ორგანოების საქმიანობაზე და განიხილოს “ოდეერების” საკითხის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.

ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ აუდიტორია 115-ის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უნდა გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის უშუალო დაინტერესების საფუძველი. მათივე განცხადებით, დასაგენია, რამდენად ჰქონდა ადგილი ამ პროცესის ორგანიზებას ხელმძღვანელი ან ზემდგომი პირების მხრიდან

“როგორც მოძრაობის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ცალკეულ შემთხვევებში ასევე ადგილი ჰქონდა მათ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან უხეში ფორმებით კომუნიკაციას, რაც გამოხატული იყო, მათ შორის, საჯარო სამსახურის დატოვების მუქარით.

სტუდენტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული კომუნიკაციების დროს პირები არ მალავდნენ საკუთარ ვინაობას და ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს ეცნობოდნენ როგორც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები. ცალკეულ შემთხვევებში, მათი იდენტიფიცირება ასევე შესაძლებელი იყო ოფიციალური დოკუმენტაციისა და ტანსაცმლის (სამსახურებრივი ფორმის) მიხედვით.

გასათვალისწინებელია ის ერთგვაროვანი ხელწერაც, რაც სტუდენტების მიერ დასახელებულ შემთხვევებს ახასიათებს. კერძოდ, მოძრაობის აქტიური წევრების იმ ნაწილის მიმართ, რომელთა ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში საქმიანობენ, გამოყენებულია უფრო მეტად მუქარის ან/და შეთავაზებისა და დაყოლიების ფორმები. სხვა შემთხვევებში კი, სახეზეა ინფორმაციის შეგროვების და კონტროლის ფორმები. ერთ-ერთ გახმაურებულ შემთხვევაში, სტუდენტის მითითებით, ასევე ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლის მხრიდან განზრახ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, მის შესახებ ახლობლისგან ინფორმაციის მოპოვების მიზნით (პოლიციელი მიუთითებდა, რომ “აუდიტორია 115”-ის წარმომადგენელი მუშაობის დაწყებას სამართალდამცავ სისტემაში აპირებდა, რის გამოც საჭირო იყო მასზე ინფორმაციის შეგროვება).

სტუდენტების მიერ დასახელებული შემთხვევები გამოხატულად ემთხვევა “აუდიტორია 115”-ის გააქტიურების ეტაპებს. პირველ ასეთ გახმაურებულ შემთხვევას ადგილი ჰქონდა მარტის თვის დასაწყისში, როდესაც მოძრაობა აქტიურ ფაზაში გადადიოდა, ხოლო შემდგომი ფაქტები უკვე აპრილში მოძრაობის ხელახალი გააქტიურების ეტაპებს ემთხვევა.

გასათვალისწინებელია, რომ სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების მოტივით ერიდება ფაქტებზე საჯაროდ საუბარს, თუმცა ამ დროისთვის გავრცელებული არაერთი ინფორმაცია საკმარისია ამ პრობლემის მასშტაბების და ფორმების წარმოდგენისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ “აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნა და წინააღმდეგობა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიემართებოდა და ის უნივერსიტეტიდან “ოდეერის” გათავისუფლებას გულისხმობდა. სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნები, პროტესტის შინაარსი და ადრესატი (სამართალდამცავი სისტემა), სტუდენტების მიერ დასახელებულ გარემოებებთან ერთად, კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ადგილი ჰქონოდა ამ ტიპის საპასუხო მოქმედებას და სტუდენტურ პროტესტის მსგავსი ფორმებით შეკავების მცდელობას,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი