ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ფრანსუა ოლანდს შეხვდა

21 აპრილი, 2016 • 1382
გიორგი მარგველაშვილი ფრანსუა ოლანდს შეხვდა

საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ელისეის სასახლეში მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ქართული და უცხოური მედიისათვის კომენტარი გააკეთა.

,,მე ვნახე საქართველოს ტრადიციულად ძლიერი მხარდამჭერი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მხარს უჭერს სტაბილურად საქართველოს, საქართველოს ინტერესებს და ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმით ვარ იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს შეეხება”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრესსამსახურის ცნობითვე, ფრანსუა ოლანდთან საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს.

შეხვედრაზე ფრანგულმა მხარემ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები, არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, არამედ ორმხრივ ურთიერთობებშიც.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრები შედგება საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშერთანაც.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 23 აპრილს დასრულდება.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი