ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ აშშ-ის ელჩზე თავდასხმის მუქარაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

21 აპრილი, 2016 • 1670
სააპელაციო სასამართლომ აშშ-ის ელჩზე თავდასხმის მუქარაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო აშშ-ის ელჩზე თავდასხმაში ბრალდებულ სულხან წულაძის საჩივარი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ – ამის შესახებ ნეტგაზეთს დაკავებულის ადვოკატმა, ხათუნა კეჭაყმაძემ განუცხადა.

სულხან წულაძე, როემლსაც სააპელაციო სასამართლომ 15 აპრილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატრიმრობა შეუფარდა, საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მუქარაშია ბრალდებული (სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მეორე ნაწილი).

საქალაქო სასამართლოში წულაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს არის ჩანიშნული. როგორც ადვოკატი ამბობს, ამავე სხდომაზე დააყენებენ წულაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს.

როგორც დაკავებულის ოჯახი აცხადებს, სულხან წულაძე დააკავეს იმიტომ, რომ forum.ge-ზე გახსნა სახუმარო თემა,  სადაც აშშ-ის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა.

გავრცელებულ განცხადებაში ოჯახი აღწერს, რომ წულაძემ ფორუმზე რამდენიმე დღის წინ გახსნილ თემაში “გამოიყენა Google Earth-იდან ამოღებული ფოტო, რომელიც აშშ-ის საელჩოს და მიმდებარე ტერიტორიის ადგილმდებარეობას ასახავდა. როგორც შემდგომში გაირკვა, სულხან წულაძემ შესაძლო თავდასხმის სცენარი გადმოიღო ცნობილი ამერიკული სერიალიდან “Homeland”, სადაც მოქმედებები მის მიერ აღწერილი სცენარის ანალოგიურად ვითარდება”.

“ჩვენთვის გასაგებია, რომ ქართული, ასევე ამერიკული მხარისათვის საჭიროა გონივრული ვადა, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ საქმე გვაქვს ე.წ. ინტერნეტ-ტროლინგთან, თუმცა ვთვლით, რომ საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად სულხან წულაძის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს,”- აცხადებს ოჯახი.

მასალების გადაბეჭდვის წესი