ახალი ამბები

საჯარო რეესტრის უარი “მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის” რეგისტრაციაზე

21 აპრილი, 2016 • 2328
საჯარო რეესტრის უარი “მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის” რეგისტრაციაზე

საქართველოს საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა “მფრინავი სპაგეტის მონსტრის ავტოკეფალური ეკლესიის” საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირებაზე.

19 აპრილს ლექსო მაჭავარიანმა მიმართა საჯარო რეესტრს დარეგისტრირების მოთხოვნით, თუმცა საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა რეგისტრაციაზე ორი მიზეზით:

– განმცხადებელს წარმოდგენილი არ ჰქონდა დოკუმენტაცია, რომ რელიგიური გაერთიანება რეგისტრირებულია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში;

– მეორე მიზეზად რეესტრმა განმარტა, რომ ტერმინი “ავტოკეფალური” მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაა მინიჭებული და მისი გამოყენება მასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.

ლექსო მაჭავარიანის წარმომადგენელი, იურისტი გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ სხვა რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც დაურეგისტრირებიათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, მათთვის საერთოდ არ უთხოვია ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებში არიან რეგისტრირებული.

ნონიაშვილის თქმით, რაც შეეხება მეორე  მიზეზს, რომ ტერმინი “ავტოკეფალური” არის საპატრიარქოსთვის განკუთვნილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე განმარტებების მიხედვით, ეს შეზღუდვა ეხება ქრისტიანულ კონფესიებს და არა სხვა რელიგიურ გაერთიანებას.

გიორგი ნონიაშვილი ამბობს, რომ ლექსო მაჭავარიანი მიმართავს საჯარო რეესტრს საჩივრით და თუ რეესტრმა არ გაიზიარა მათი არგუმენტები, მაშინ მათ ექნებათ შესაძლებლბა, რომ სასამართლოში იდავონ.

მფრინავი სპაგეტის მონსტრის ეკლესია, იგივე პასტაფარიანიზმი არის მიმდინარეობა, რომელიც არ იზიარებს სამყაროს შექმნის იმ მოდელს, რომლის მიხედვითაც სამყარო შექმნა ღმერთმა. ეს ხედვა გაზიარებულია რელიგიების დიდი ნაწილის მიერ. პასტაფარიანიზმი რეგისტრირებულია პოლონეთში, ნიდერლანდებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი