ახალი ამბები

ერთ პოსტზე ორი სხვადასხვა ადამიანის დანიშვნის შესახებ გამოქვეყნებული ბრძანების ტექსტს მთავრობაში ტექნიკური შეცდომით ხსნიან

21 აპრილი, 2016 • 6162
ერთ პოსტზე ორი სხვადასხვა ადამიანის დანიშვნის შესახებ გამოქვეყნებული ბრძანების ტექსტს მთავრობაში ტექნიკური შეცდომით ხსნიან

მთავრობის ადმინისტრაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ერთსა და იმავე დღეს ორი სხვადასხვა პირის დანიშვნის შესახებ გამოქვეყნებული ბრძანების ტექსტს ტექნიკური შეცდომით ხსნიან.

მთავრობისა ადმინისტრაციის ვებგვერდზე  ჯერ გამოქვეყნდა პრემიერის ბრძანების ტექსტი, რომლის მიხედვითაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ნოდარ კერესელიძე დაინიშნა, ხოლო ცოტა ხანში დაიდო მეორე ტექსტი ამავე თანამდებობაზე ზურაბ ჩეკურაშვილის დანიშვნის შესახებ.

Screen Shot 2016-04-21 at 11.21.36 AM

Screen Shot 2016-04-21 at 11.21.54 AM

 

მთავრობის ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ეს არ არის ბრძანების ნამდვილი ასლები, რადგან მას პრემიერის ხელმოწერა არ ახლავს თან. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციაში დამკვიდრებული პრაქტიკით ბრძანების ტექსტები ერთ-ერთ თანამშრომელს ორიგინალიდან ხელით გადააქვს ვორდის დოკუმენტში და შემდეგ ეს ტექსტი ქვეყნდება საიტზე: “სწორედ აქ მოხდა შეცდომა”. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კერესელიძე ისედაც იკავებდა სურსათის სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციას და პრემიერმა ერთი ბრძანებით იგი თანამდბეობიდან მოხსნა, ხოლო მეორე დოკუმენტით სხვა ადამიანი დანიშნა.

“ბრძანებაში არანაირი ცდომილება არ ყოფილა. ცდომილება იყო, როდესაც ვორდში გადმოიტანეს ბრძანების ტექსტი. არ ვიცი, რატომ იყო ასეთი პრაქტიკა და ალბათ ამიერიდან მხოლოდ ბრძანების ორიგინალის ასლი დაიდება. ბრძანება გადაჰქონდათ ვორდში. არის ტქნიკური მუშაკი, ვინც კრეფს ტექსტს და რომელიც შემდეგ ვორდის დოკუმენტის სახით იდება [საიტზე]. ანუ ხელმოწერილი დოკუმენტი არ დადებულა. ხელმოწერილ დოკუმენტში ცდომილება არ არის: ერთი ბრძანება ეხებოდა ზემოხსენებული თანამდებობიდან კერესელიძის გათავისუფლებას [და მეორე ჩეკურაშვილის დანიშვნას]  და ადამიანს, რომელსაც ევალება, რომ ბრძანების ტექსტი ვორდში გადაიტანოს და შემდეგ საიტზე განსათავსებლად გადააგზავნოს,  შეცდომა დაუშვა”, – განმარტავენ ადმინისტრაციაში.

ბრძანების ორიგინალი ასლი, მთავრობის ცნობით

ბრძანების ორიგინალი ასლი, მთავრობის ცნობით

მასალების გადაბეჭდვის წესი