ახალი ამბები

დარეჯან თვალთვაძემ “აუდიტორია #115”-თან შეხვედრა გადადო [ვიდეო]

20 აპრილი, 2016 • 1950
დარეჯან თვალთვაძემ “აუდიტორია #115”-თან შეხვედრა გადადო [ვიდეო]

თსუ-ს ახლად არჩეულმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ “აუდიტორია #115”-ის წევრებთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო.

დარეჯან თვალთვაძემ 115-ე აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებს მიმართა, რომ უახლოეს დღეებში მათ შეხვდება და მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრება. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, იგი აპირებს, რომ ყველა სტუდენტს შეხვდეს.

“მე მირჩევნია, ჩვენი შხვედრა იყოს უფრო სხვა ფორმატში და ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს”, – განუცხადა სტუდენტებს დარეჯან თვალთვაძემ.

არჩევნების შედეგის გამოცხადების შემდეგ “აუდიტორია #115”-ის წევრმა გიორგი არობელიძემ დარეჯან თვალთვაძეს სთხოვა, რომ სტუდენტებს შეხვედროდა 22:30 საათზე, რაზეც თვალთვაძემ თანხმობა განაცხადა.

“აუდიტორია #115”-ის წევრის, ლევან ლორთქიფანიძის თქმით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ დარეჯან თვალთვაძე არ მიიღებს მონაწილეობას რექტორის არჩევნებში, რომელიც სავარაუდოდ 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება. სწორედ ამის თქმას აპირებდნენ სტუდენტები რექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის.

სტუდენტებმა დარეჯან თვალთვაძეს სთხოვეს, რომ 10 წუთით მოესმინა მათთვის. დარეჯან თვალთვაძემ კი სტუდენტებს საპასუხოდ სთხოვა, რომ შეხვედრა გადაედოთ, რადგან  მთელი დღის განმავლობაში დატვირთული რეჟიმი ჰქონდა.

დაახლოებით 6-წუთიანი გასაუბრების დროს სტუდენტებმა დარეჯან თვალთვაძეს განუცხადეს, რომ ისინი მოელიან, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი რექტორის არჩევნებში კანდიდატად არ იყრის კენჭს.

ახლად არჩეულმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ამის წინასწარგანწყობა არ აქვს და ამ თემაზე საუბარი არ სურს. მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ უნივერსიტეტს აქვს ურთულესი პერიოდი, საიდანაც გამოსვლაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.


თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე 20 აპრილს აირჩიეს 526 ხმით. კანონის მიხედვით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაქსიმუმ 6 თვით ინიშნება, გარდამავალ პერიოდში მოვალეობის შემსრულებელმა უნდა მართოს უნივერსიტეტი და მოამზადოს რექტორის არჩევნები.

არჩევნებისთვის 1311 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. საარჩევნო პროცესს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია (საქართველოს ოს ქალთა ასოციაცია, ახალგაზრდა ადვოკატები, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი) და 16 დამოუკიდებელი დამკვირვებელი აკვირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი