ახალი ამბები

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებს შეხვდება

20 აპრილი, 2016 • 1829
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებს შეხვდება

დღეს, 21:30 საათზე, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა მას ამ სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი არობელიძემ სთხოვა მას შემდეგ, რაც თვალთვაძემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში.

აუდიტორია 115-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ლევან ლორთქიფანიძის თქმით, თვალთვაძე “ორმხრივად დისკრედიტებული პიროვნებაა”. კერძოდ, მისი თქმით, დარეჯან თვალთვაძე 2006 წლიდან არის ჰუმანიტარულ მცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, რაც არის მაღალი თანამდებობა და, შესაბამისად, პასუხისმგებელია წლების მანძილზე უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე. ამას გარდა, ლორთქიფანიძის თქმით, დარეჯან თვალთვაძის ქმარი არის თანამდებობის პირი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ თვალთვაძე ძველი სისტემიდან გამოსული ადამიანია და, შესაბამისად, ძველ სისტემას ვერ შეცვლის. ამდენად, დღევანდელ შეხვედრაზე აუდიტორია 115 მოითხოვს, რომ დარეჯან თვალთვაძემ არ დააყენოს თავისი კანდიდატურა რექტორის არჩევნებში.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიმართა და ხმათა უმრავლესობით სწორედ დარეჯან თვალთვაძემ გაიმარჯვა. თვალთვაძის თქმით, მისი მთავარი მისია იქნება უნივერსიტეტის მომზადება აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევნებისთვის.

აკადემიური საბჭოს არჩევნები 11 მაისს უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც, ივნისში უნდა აირჩიონ კანცლერი, ხოლო, სავარაუდოდ, აგვისტოში გაიმართება რექტორის არჩევნები.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დღეს ჟურნალისტებს წარუდგინა თსუ-ს უკვე ყოფილმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ. მისი თქმით, უნივერსიტეტმა გაიმარჯვა, რადგან მოახერხა დღეს მშვიდ ვითარებაში ჩაეტარებინა არჩევნები, თუმცა, მისი თქმით, კურიოზად რჩება ის ფაქტი, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს 1300 ადამიანი, რექტორს კი – მხოლოდ აკადემიური საბჭო.

მასალების გადაბეჭდვის წესი