ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისმა აღდგომის დღესასწაულზე დაუბრკოლებლად გადაადგილების საკითხი ერგნეთში დასვა

20 აპრილი, 2016 • 1376
თბილისმა აღდგომის დღესასწაულზე დაუბრკოლებლად გადაადგილების საკითხი ერგნეთში დასვა

დღეს, 20 აპრილს სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი – რიგით 65-ე  შეხვედრა გაიმართა.

ქართული მხარის ცნობით, მონაწილეებმა განიხილეს “უკანასკნელი შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, უკანონო დაკავებების ფაქტები, მავთულხლართების, ღობეებისა და სანიშნე ბანერების უკანონოდ აღმართვის შედეგად გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ორივე მხარის მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები”.

როგორც შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააყენე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნათესავების საფლავების დაუბრკოლებლად მონახულების საკითხი:

“ასევე, ისაუბრეს საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილის, ახალგორის მკვიდრ დავით ბაშარულის საქმის ირგვლივ ხელახალი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით და დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა, მიმდინარე საკითხებზე”.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი – 66-ე შეხვედრა გაიმართება 16 მაისს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

“ბოლო პერიოდში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის 14 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 12 მოქალაქე გადაცემულია საქართველოს ხელისუფლებას, ორი ისევ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რჩება და შესაბამისი პროცედურების შემდეგ ისინიც გათავისუფლდებიან. ასევე განხილულუ იყო ტირიფონის არხის სამელიორაციო საკითხი, კერძოდ, მხარეებმა ტექნიკური საკითხები განიხილეს” – აცხადებს ოსურ მედიასთან საუბარში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელი ერგნეთის შეხვედრებში, დავით სანაკოევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი