ახალი ამბები

ივანიშვილის შეთავაზება და ჟურნალისტების პასუხი

12 ოქტომბერი, 2011 • 1177
ივანიშვილის შეთავაზება და ჟურნალისტების პასუხი
“მაესტროს” თანამშრომლობა რეალურია  ბიძინა ივანიშვილთან, მიხეილ სააკაშვილთან, პუტინთან, ობამასთან, ყველასთან, ვინც დააფინანსებს “მაესტროს” უანგაროდ და ეს ფული არ იქნება კრიმინალური, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ,” – აცხადებს ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ–ერთი მფლობელი მამუკა ღლონტი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებული ღია წერილით დააკონკრეტა ტელეკომპანია ”მაესტროსადმი” საკუთარი წინადედებები და განაცხადა:

“1. მზად ვარ, თქვენ წინაშე ავიღო ყველა ის ფინანსური ვალდებულება, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პირი [ეროსი კიწმარიშვილი, რედ.], კაცმა არ იცის, საიდან მოტანილი დაფინანსებით ასრულებს (ან არ ასრულებს) თქვენ წინაშე.
2. გავაფორმო სარედაქციო დამოუკიდებლობის საგარანტიო ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჟურნალისტის თავისუფლება, თუნდაც კრიტიკული დამოკიდებულება ჩემს პირად მოღვაწეობასთან დაკავშირებით.
3. დასაქმებული იქნება ყველა ქართველი ჟურნალისტი, რომლისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა და პროფესიული ღირსება. ჩვენ ერთად შევუქმნათ მათ საშუალება, გათავისუფლდნენ ფსევდო-კეთილდღეობის მარწუხებიდან.
4. ერთად უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება ხალხს და დავიწყოთ ეს მეოთხე ხელისუფლებით, ანუ თქვენით.”

მამუკა ღლონტი ამბობს, რომ ”მაესტროს” პოზიცია უცვლელია და ის არ იყიდება, თუმცა, ვინც სურვილს გამოთქვამს ტელევიზიას უანგაროდ დაეხმაროს, ”მაესტროს” კარი მათთვის ღიაა.

ივანიშვილმა დღეს კონკრეტილი შეთავაზება “მესტროს” ჟურნალისტ შალვა რამიშვილსაც გაუკეთა. კერძოდ, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ რამიშვილს ახალი “დარდუბალას” [პოპულარული ანიმაციური სერიალი პოლიტიკურ საკითხებზე, რომელიც შევარდნაძის მმართველოს დროს გადაიცემოდა ტელევიზიით] გადაღებას დაუფინანსებს.

”არსებობს უამრავი დეტალი, რომელიც პირისპირ შეხვედრისას უნდა განვიხილოთ, ამიტომ ბატონმა ივანიშვილმა გამონახოს დრო და შემხვდეს,” – ასე პასუხობს ბიზნესმენის შეთავაზებას შალვა რამიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი თავის დღევანდელ ღია წერილში ტელეკომპანია ” კავკასიასაც” შეეხო. მან განაცხადა, რომ არ სურს ამ ტელევიზიის შეძენა, თუმცა მზად არის, ფინანსურად დაეხმაროს.

ტელეკომპანია ”კავკასიის” მფლობელი ნინო ჯანგირაშვილი თვლის, რომ პოლიტიკური ფიგურები უანგაროდ მედიასაშუალებებს არ ეხმარებიან.

”პოლიტიკოსებისგან უანგარო ფინანსური დახმარება ბუნებაში არ არსებობს. ამ ჭეშმარიტებას ვიმეორებ იმდენი წელია, რამდენიც ტელევიზია არსებობს. იმიტომაც არ ვყიდით ტელევიზიას, რომ თავისუფლება გვინდა,” -აცხადებს ტელევიზიის მფლობელი.

ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ შეურაცხყოფილია იმ განცხადებებით, რითაც ბიძინა ივანიშვილმა  უშუალოდ დავით აქუბარდიას მიმართ გააკეთა.

“ბატონო დავით, მე მახსოვს თქვენი გადაცემა 30 ივნისს, როცა თქვენ ყური აუწიეთ და პოლიტიკურ ფარისევლობაში ამხილეთ “ქრისტიან-დემოკრატები” და მამუკა კაციტაძე.
თქვენ მაშინ ბრწყინვალე იყავით, თქვენი არგუმენტები აბსოლუტურად დამაჯერებელი იყო, თქვენი პოზოცია აბსოლუტურად სწორი. იმავე საღამოს თქვენ ეროსი კიწმარიშვილი გყავდათ სტუმრად და თუ პირველ გადაცემაში თქვენ ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზე იდექით, კიწმარიშვილთან საუბრისას საოცრად დათრგუნული, ყალბი, უნიათო ბრძანდებოდით და აშკარად გეტყობოდათ, რომ დაკვეთას ასრულებდით”, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში აქუბარდიას მიმართ.

”რა გამოდის? – თავის გადაცემის პირველ ბლოკში დავით აქუბარდია იყო ობიექტური, მეორე ბლოკში  ხელისუფლების ინტერესებს იცავდა. ეს როგორ ხდება? სარეკლამო ჭრის  დროს მოისყიდა ხელისუფლებამ? მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილს პიროვნული აკვიატება აქვს დავით აქუბარდიასთან დაკავშირებით,” – ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.

მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია ”კავკასიის” მფლობელი აცხადებს, რომ მზადაა, ბიძინა ივანიშვილს საეთერო დრო დაუთმოს, რადგან მის მიმართ დიდი ინტერესია.

”საეთერო დროს კიდევ ერთხელ ვთავაზობთ და მუდმივად შევთავაზებთ, რადგან მის მიმართ არის ინტერესი. როგორც ჟურნალისტი დავჯდები და დაველაპარაკები, მაგრამ როგორც ტელევიზიის მფლობელს, არ მაინტერესებს ეს ადამიანი და არც მისი ფინანსური შემოთავაზებები”, – ამბობს ჯანგირაშვილი.

ბიძინა ივანიშვილი თავის ღია წერილში ჟურნალისტ ია ანთაძესაც შეეხო, რომელსაც ფსევდოობიექტურობაში დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ ია ანთაძემ ის პრორუსულ ძალად დაასახელა, სააკაშვილი კი – დასავლური ღირებულებების მატარებელ პოლიტიკურ ფიგურად.

თავად ჟურნალისტს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა არასწორად გაიგო მისი ნათქვამი.

”რაც მე ვთქვი ბიძინა ივანიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს ეხებოდა არა იმას, მე როგორ წარმომიდგენია მათი ადგილი პოლიტიკაში,  არამედ იმას, თუ როგორ მოხდება მათი ადგილის პოზიციონირება პოლიტიკაში, ანუ მიხეილ სააკაშვილი იქნება წარმოდგენილი, როგორც პროდასავლური ლიდერი, ივანიშვილი კი, როგორც პრორუსული ლიდერი,” – აცხადებს ია ანთაძე.

ია ანთაძეს მიჩნია, რომ დაბრალება იმისა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებული ქვეყანა მოსწონს, რთულია.

”მე, წლების განმავლობაში ვწერდი, რომ ეს არ არის ჰუმანური და დემოკრატიული სისტემა და მიხეილ სააკაშვილს არ ვთვლი პროდასავლურ ლიდერად და დასავლური ღირებულების დამამკვიდრებლად საქართველოში ”, – ამბობს ჟურნალისტი.

ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ ღია წერილში დააკონკრეტა ის, თუ რას გულისხმობდა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც მან ტელევიზიების მფლობელებს სამჯერ მეტ ფასად შეთავაზა ტელევიზიების შესყიდვა.

“მე ჟურნალისტების ყიდვა კი არა, მათი გათავისუფლება მინდა იმ შეურაცხმყოფელი და შემოქმედებითი დამოუკიდებლობის შემზღუდველი ატმოსფეროსგან, რომელშიც დღეს მათ უწევთ მუშაობა.
მასმედიის მისამართით გაკეთებული ჩემი განცხადების მიზანი იყო, საზოგადოებისთვის დამემტკიცებინა, რომ ამ ვითომ ოპოზიციურ ტელეარხებს სინამდვილეში სააკაშვილი აკონტროლებს და მისი დასტურის და ნებართვის გარეშე ამ ტელეკომპანიის მესვეურებს რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ.
მე მიზანს მივაღწიე – ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა თავიანთი კომენტარებით ფაქტობრივად დაადასტურეს, რომ მათი ორგანიზაციების ნამდვილი მეპატრონე სააკაშვილია”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი