ახალი ამბები

ანდრეს ბრეივიკმა ნორვეგიის ხელისუფლებას სასამართლოში საქმე მოუგო

20 აპრილი, 2016 • 3624
ანდრეს ბრეივიკმა ნორვეგიის ხელისუფლებას სასამართლოში საქმე მოუგო

ნორვეგიაში 2011 წელს მომხდარ მასობრივ მკვლელობაში მსჯავრდებულმა ანდრეს ბრეივიკმა ნორვეგიის სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლოში საქმე მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ ციხეში ბრეივიკის უფლებები დაირღვა.

კერძოდ, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრეივიკის სარჩელი “არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის” შესახებ. როგორც მოსამართლემ განაცხადა, ადამაინის უფლებები წარმოადგენს ფუნდამენტურ ღირებლებას დემოკრატიულ საზოგადოებაში და ვრცელდება ტერორისტებსა და მკვლელებზეც.

ბრეივიკი ნორვეგიის ხელისუფლებას ედავებოდა სამარტოო საკანთში მოთავსებასთან დაკავშირებით. ასევე, ბრეივიკი ჩიოდა, რომ მის მიმართ გადაჭარბებულად იყენებდნენ ხელბორკილებს, ხშირად ჩხრეკდნენ და ღამით აღვიძებდნენ.

ოსლოს სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ბრეივიკმა სამარტოო საკანში თითქმის 5 წელი გაატარა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ციხეში მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ.

სასამართლომ ნორვეგიის ხელისუფლებას დააკისრა ბრეივიკის სამართლებრივი ხარჯების გადახდა, რაც $40,000-ს შეადგენს.

ანდრეს ბრეივიკი 2011 წელს მოწყობილი თავდასხმის გამო 77 ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლდა. მას 21  წელი აქვს მისჯილი.

2011 წლის 22 ივლისს ბრეივიკმა ბომბი ჯერ ოსლოს ერთ–ერთ უბანში ააფეთქა და შემდეგ კუნძულ უტოიაზე გადავიდა, სადაც ის ადამაინები დახოცა, რომლებიც ზაფხულის ბანაკში  ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის წვეულებას ესწრებოდნენ. მსხვერპლთა უმრავლესობა თინეიჯერი იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი