ახალი ამბები

ივანიშვილი: ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან

12 ოქტომბერი, 2011 • • 1018
ივანიშვილი:  ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან
ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ ვრცელ ღია წერილში დასახელებულია ის ოპოზიციური პარტიები, რომლებთან თანამშრომლობასაც ის არ აპირებს. ივანიშვილი აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიებს ფსევდოოპოზიციურად და ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებებში ჩართულად მიიჩნევს.

“ვერ ვითანამშრომლებ ფსევდოოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ხელისუფლებასთან ფარულ გარიგებასა და კავშირში არიან და მისი ინსტრუქციებით და მითითებებით მოქმედებენ. ჩემი აზრით, სწორედ ფსევდოოპოზიციური პარტიებია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი ძალა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ხელისუფლების ყველაზე საიმედო მოკავშირედ და პარტნიორად გვევლინება.

სინამდვილეში სააკაშვილის ხელისუფლება ამ ფსევდოოპოზიციური ძალების მხრებზე დგას – ეს ძალები უქმნიან სააკაშვილის რეჟიმს დემოკრატიულობის ფონს დანარჩენი მსოფლიოს წინაშე და ფაქტობრივად ერთპარტიულ ქართულ პარლამენტს თავიანთი ფსევდოოპოზიციური მოღვაწეობით მრავალპარტიული პარლამენტის იმიჯს უქმნიან.
სწორედ მათ შეაქვთ განხეთქილება და არეულობა ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალების ნებისმიერ წამოწყებაში, ისინი ახშობენ, ანეიტრალებენ და კალაპოტს უცვლიან ხალხის საპროტესტო განწყობას.

მე არ მოვერიდები მათ დასახელებას და ღიად ვაცხადებ: ვერ ვითანამშრომლებ “ქრისტიან-დემოკრატებთან”, “ლეიბორისტებთან”, “ახალ მემარჯვენეებთან”, “ედპ”-სთან, “ქართულ პარტიასთან”, თორთლაძის, დავითაიას პარტიებთან.
“ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერის გიორგი თარგამაძის პოლიტიკური საქმიანობა უამრავ საეჭვო მომენტს შეიცავს, დაწყებული ასლან აბაშიძესთან მისი თანამშრომლობით, გაგრძელებული ბადრი პატარკაციშვილის მიმართ მის მიერ ჩადენილი ღალატით და დამთავრებული იმით, რომ ღალატის საფასურად ხელისიფლებამ თარგამაძეს პარტია შეუქმნა, დაუფინანსა და გაყალბების გზით პარლამენტში შეიყვანა.

ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ზემოთნახსენები პარტიების ლიდერები: შალვა ნათელაშვილი, დავით გამყრელიძე, ეროსი კიწმარიშვილი, ბაჩუკი ქარდავა.
დიახ, მე ვერ ვითანამშრომლებ ამ ადამიანებთან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ფსევდოოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წევრთან ურთიერთობაზე დავთანხმდე, თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური წარსულის რევიზიას შეძლებენ.

არ შემიძლია, ორიოდე სიტყვა არ ვთქვა სოზარ სუბარზე, ადამიანზე, რომელსაც ომბუდსმენის საპასუხისმგებლო პოსტზე ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და რომელსაც არაერთხელ დაუფიქსირებია მტკიცე პოზიცია ხელისუფლების თავნებობის წინააღმდეგ.

დიდი გულისტკივილით და სინანულით ვამბობ, რომ სოზარ სუბარი აღმოჩნდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო.

თუ ბატონ სოზარს სურვილი ექნება ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას შემოუერთდეს, მე ამას მხოლოდ მივესალმები.

კიდევ ვიმეორებ, თანამშრომლობაზე უარს ვაცხადებ ზემოთ დასახელებულ ოპოზიციურ პარტიებთან და არა ამ პარტიების ცალკეულ კეთილსინდისიერ წევრებთან”  – აღნიშნულია წერილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი