ახალი ამბებიხელოვნება

რობი უილიამსის კონცერტის 31 000 ბილეთი უკვე გაყიდულია

20 აპრილი, 2016 • 1956
რობი უილიამსის კონცერტის 31 000 ბილეთი უკვე გაყიდულია

 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რობი უილიამსის კონცერტის 31 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია. უწყების ცნობით, უკვე გაყიდულია ეროს რამაზოტის კონცერტის 5000-მდე ბილეთიც. ორივე მათგანი საქართველოში „Check in Georgia”-ს ფარგლებში იმღერებს.

“საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2016 წლის აპრილიდან მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” იწყება. პროექტის ფარგლებში პირველი დიდი ღონისძიება 24 აპრილს არის დაგეგმილი; ქართველი მსმენელის წინაშე ეროს რამაზოტი წარდგება.

ეროს რამაზოტის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა 7 აპრილიდან დაიწყო. ამ დროისათვის გაყიდულია 5000-მდე ბილეთი. რაც შეეხება მეორე მასშტაბურ კონცერტს, მსოფლიო ვარსკვლავის, რობი უილიამსის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილიდან დაიწყო და ამ დროის მონაცემებით უკვე გაყიდულია 31 000-მდე ბილეთი.

რობი უილიამსი ქართველი მსმენელის წინაშე 27 მაისს დინამო არენაზე წარდგება. აღსანიშნავია, რომ ბილეთების შეძენისას დაფიქსირდა 1000-ზე მეტი ტრანზაქცია უცხოეთიდან, ბილეთების შესყიდვა განხორციელდა მსოფლიოს 52 ქვეყნიდან (გერმანია, აზერბაიჯანი, ამერიკა, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა..)”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„Check in Georgia” კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება.

“პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა”, – აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი