ახალი ამბები

ქართველი მილიარდერის საქართველოს მოქალაქეობა

11 ოქტომბერი, 2011 • • 1530
ქართველი მილიარდერის საქართველოს მოქალაქეობა

იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის. ბიზნესმენი ამ საკითხზე დღეს არ საუბრობს, ხვალ კი სხვადასხვა ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებში სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე  მორიგი განცხადების გამოქვეყნებას გეგმავს.

იუსტიციის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა საფრანგეთის მოქალაქეობის გამო შეუწყდა.

“სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა,” – წერია იუსტიციის სამინსიტროს განცხადებაში.

მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ბიზნესმენის პრესსამსახურმა დღეს ჟურნალისტებისგან შეიტყო. ივანიშვილის პრესსპიკერმა ირაკლი ტრიპოლსკიმ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებდა, თუმცა, დღეს, 11 ოქტომბერს, დღის ბოლომდე ეს განცხადება არ გავრცელებულა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა კახა კოჟორაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად დაკარგვას არ ნიშნავს და საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

როგორც კახა კოჟორაძე ამბობს, მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოსცეს შესაბამისი ბრძანებულება და ეს კანონმდებლობით რეგულირედება. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით, მსგავსი ბრძანებულება გამოცემული არ არის.

ჩვენ ვცადეთ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრთან დაკავშირება, თუმცა ნეტგაზეთის ზარებს რეესტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა არც სამსახურის ტელეფონზე და არც მობილურზე არ უპასუხა.

დღესვე პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“ გამოეხმაურა  სამოქალაქო რეესტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

პარტიის ინფორმაციით, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის შედგენილ ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირდა პიროვნება, რომლის სახელი, გვარი,  დაბადების თარიღი, თვე,  დაბადების წელი და საცხოვრებელი მისამართი (სოფ. ჭორვილა) ემთხვევა  ბიძინა ივანიშვილის მონაცემებს, რომლის სახელზეც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გაცემული აქვს 2006 წლის 7 მარტს. შესაბამისად, აღნიშნულ პიროვნებას მიეცა 2010 წლის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობას საბოლოოდ დაკარგავს(პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების გაცემის შემთხვევაში), ის მოქალაქეობის აღდგენამდე ვერც პოლიტიკურ პარტიას შექმნის და ვერც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ლელა ტალიური განმარტავს, რომ  საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე კი შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დროისთვის ბოლო სამი წელი.

„რაც შეეხება კონკრეტულ თანმადებობებს, არის სამი თანამდებობა – საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის , რომელიც არ შეიძლება ეკავოს იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეს,“ – ამბობს ლელა ტალიური.

იურისტისვე თქმით, პირს, რომელსაც არა აქვს საქართველოს მოქალაქეობა, პოლიტიკური პარტიის შექმნისა და მის მუშაობაში მონაწილეობის უფლება არა აქვს. ამის გაკეთება მხოლოდ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქაალქეს შეუძლია.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველმა პირმა  მოქალაქეობის  საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას უნდა ჩააბაროს გამოცდა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს კანონმდებლობის ცოდნის შესამოწმებლად.  საქართველოს აღდგენის საკითხის განხილვისათვის კანონით დადგენილია 3-თვიანი ვადა.

ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს დღეს სოციალურ ქსელში საჯარო განცხადებით გამოეხმაურა იურისტი შალვა ხაჭაპურიძე: „ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ დაუშვა ივანიშვილისათვის სასარგებლო შეცდომა. კერძოდ, ვინაიდან არჩევნებამდე დარჩენილია ერთი წელი, მან განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფოს , რომ მიიღოს მოქალაქეობა. რომლის მიღების ორი ვარიანტია:

ა) ბატონ ივანიშვილს სახელმწიფომ უნდა მიანიჭოს მოქალაქეობა , რადგან იგი დაბადებით საქართველოს მოქალაქეა.

ბ) უშუალოდ პრეზიდენტმა მიანიჭოს მას საქართველოს მოქალაქეობა, როგორც საქარათველოს სახელმწიფოს განვითრებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის.

რა თქმა უნდა, “ ნაცისტები“ ორივე ამ კანონიერ მოთხოვნას იგნორირებას გაუკეთებენ, რის შემდეგაც ბატონმა ივანიშვილმა თავისი მოქმედება უნდა წარმართოს ორი მიმართულებით“

„ორ მიმართულებაში“ იურისტი საპროტესტო ტალღის აგორებას მიიჩნევს, რომლის მიზანიც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნა და ასევე, მსოფლიოსთვის იმის ჩვენება იქნება, რომ „მას, დაბადებით ქართველს და ამასთან, სამშობლოს განვითარებისათვის შეტანილი წვლილის მიუხედევად , ხელისუფლება არ ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას.“

რუსეთში მოღვაწე მილიარდერმა ბიზნესმენმა, ბიძინა ივანიშვილმა 7 ოქტომბერს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ საქართველოში უახლოეს საპარლამენტი და საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

ივანიშვილის თქმით, ის აპირებს რუსეთში გაყიდოს საკუთარი ბიზნესი, ჩააბაროს რუსეთისა და საფრანგეთის პასპორტები და პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყოს საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი