ახალი ამბები

განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია

11 ოქტომბერი, 2011 • 971
განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია შეიქმნა.

ლაბორატორია ენერგეტიკული და მონათესავე პროფილის სპეციალისტების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მომზადების მიზნით და  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა გახსნეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ლაბორატორია აღჭურვილია მზის ენერაგიაზე მომუშავე თანამედროვე წყალგამაცხელებელი სისტემებით, გამოსხივების ფოტოელექტრონული გარდამქმნელებით, სითბური ტუმბოთი, მცირე სიმძლავრის ქარგენერატორითა და გათბობის მაღალეფექტური ჰიდრავლიკური სისტემით.

„ლაბორატორიის აღჭურვის ხარისხი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებობას დოქტორანტების მოსამზადებლად სხვადასხვა პროფილის ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებისა და პროფესიონალი ენერგეტიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

ლაბორატორია შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ავსტრიული კომპანია HERZ Armaturen–ის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ერთობლივი ძალისხმევით. ლაბორატორიის მოწყობილობა  ავსტრიელი, უკრაინელი და ქართველი სპეციალისტების მიერ დამონტაჟდა.

საწყის ეტაპზე ავსტრიელი და უკრაინელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს  გადაამზადებენ. სამომავლოდ აქ მოეწყობა განახლებადი ენერგიის გამოყენების თანამედროვე ტექნიკის სადემონსტრაციო ხაზი და სამუშაო შეხვედრები ელექტრომომარაგებისა და გათბობა-ცხელწყალმომარაგების პროფილის ადგილობრივ კომპანიებთან.

ლაბორტორია გაზრდის ინტერესს მაღალეფექტური საყოფაცხობრებო ტექნიკის გამოყენების მიმართ, განავითარებს ენერგიის დაზოგვის კულტურას და დაამკვიდრებს ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას. ლაბორატორია ასევე პოპულარიზაციას გაუწევს ენერგეტიკული დარგის სპეციალიზაციებს, რისთვისაც გათვალისწინებულია სასწავლო-შემეცნებითი ლექციების ჩატარება სკოლის ასაკის ახალგაზრდებისთვის“,–ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი