ახალი ამბები

საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მმართველმა გუნდმა ინტერპარტიულ ჯგუფს უარი უთხრა

19 აპრილი, 2016 • 1277
საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მმართველმა გუნდმა ინტერპარტიულ ჯგუფს უარი უთხრა

მმართველი გუნდისა და ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ინტერპარტიული ჯგუფის წევრის, გიორგი ახვლედიანის [“დემოკრატიული მოძრაობა”] განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებული სისტემის ცვლილების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, მმართველმა გუნდმა ამაზე უარი განაცხადა.

“ქართული ოცნების”, უმრავლესობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ საარჩევნო გარემოს არავითარი გაუმჯობესება არ დაუშვან. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. ყველაფრის თავი და თავი  არის ერთმანდატიან მაჟორიტარული ოლქებში არსებული მანკიერება და უსამართლობა”, – აცხადებს ახვლედიანი ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ის ეთერში.

დეპუტატმა გიგა ბუკიამ მმართველი გუნდიდან (კონსერვატორების ფრაქცია) იუსტიციის სამინისტროში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საარჩევნო სისტემაზე მათი პოზიცია საზოგადოებისათვის თავიდანვე ცნობილი იყო. ეს პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ხოლო 2020 წელს მაჟორიტარული კომპონენტი გაუქმდება. თუმცა, ბუკიას თქმით, მმართველი გუნდი მზადაა გაითვალისწინოს ინტერპარტიული ჯგუფის სხვა მოთხოვნები, რაც “ჯამში, ოპოზიციის მიერ დაყენებული წინადადებების 70-80%-ია”. ბუკია გულისხმობს ინტერპარტიული ჯგუფის მიერ ინიცირებულ 5-პუნქტიან გეგმას, რომელიც გარდა საარჩევნო სისტემის ცვლილებისა, ასევე გულისხმობს უფასო სარეკლამო საეთერო დროის თანაბარ გადანაწილებას პარტიებს შორის, საარჩევნო ბარიერის 5-დან 3%-მდე დაწევას, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლასა და ადმინისტრაციული რესურსების შეზღუდვის უფრო მკაცრი მექანიზმების ჩამოყალიბებას. ბუკიას განმარტებით, 5-დან თითქმის 4 წინადადებაზე ხელისუფლების მხრიდან მზაობა არსებობს. ამ მოსაზრებას არ იზიარებს გიორგი ახვლედიანი:

“არც ოთხი პუნქტი არაა გათვალისიწნებული, თუმცა ეს 4 პუნქტიც რომ ყოფილიყო ასახული, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების გარეშე გარემოს გაუმჯობესებაზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ ჩვენი პოზიციაა (როგორც ინტერპარტიული ჯგუფის, ისე კონკრეტულად ჩემი პარტიის), რომ გარემოს შეცვლა შეუძლია სისტემის ცვლილებას და ჩვენ ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ საარჩევნო კოდექსში არსებული საკითხების გადაწყვეტაზე. ხელისუფლებამ ჩახსნა სისტემის საკითხი, ჩახსნა საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი, სადაც არაფერი გადაწყდება. პრაქტიკულად ჩახსნა ბარიერის დაწევის პერსპექტივა და შემოგვთავაზა კვალიფიციური სუბიექტისათვის გადასალახი ბარიერის დაწევა 2 პროცენტამდე. ეს უმნიშვნელო თემა არ არის და მცირეპროცენტიანი პარტიების მდგომარეობას გააუმჯობესებს, მაგრამ ეს არ არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.  საარჩევნო სისტემის ცვლილების გარეშე არც ერთი პარტია არ არის მზად ივაჭროს, ისაუბროს, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ აღებ-მიცემობის პროცესზე”, – ამბობს ახვლედიანი.

მისი თქმით, შეხვედრაზე ხელისუფლებამ თქვა, რომ მათ აქვთ სურვილი საარჩევნო ბარიერის 5-დან 4%-მდე დაწევის, თუმცა ვინაიდან ამას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, ვერ მოასწრებენ. რაც შეეხება კვალიფიციური სუბიექტებისათვის განსაზღვრულ ბარიერს, რაც სახელმწიფო დაფინანსების მიღებისთვისაა მნიშვნელოვანი, ახვლედიანი ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ ამ ბარიერის 2%-მდე დაწევა შესთავაზა.

მასალების გადაბეჭდვის წესი