ახალი ამბები

ვინ არის და რა სურს “გადაუწყვეტელ 61%”-ს

18 აპრილი, 2016 • 2125
ვინ არის და რა სურს “გადაუწყვეტელ 61%”-ს

“გადაუწყვეტელი”  61%-ის უმეტესობა ქალია, ქვეყნის განვითარების პროდასავალურ კურსს უჭერს მხარს, თუმცა შედარებით ნიჰილისტია.

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 61%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემდა ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. სწორედ ეს 61% პროცენტია იმ პოლიტიკური ძალების  მთავარი სამიზნე, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვება აქვთ მიზნად დასახული. იმისათვის, რომ გაგვერკვია, ვინ არიან ეს ადამიანები და რა სურთ მათ, NDI-ის ვთხოვეთ კროსტაბულაციის [კროსტაბულაცია გულისხმობს სტატისტიკურ დამოკიდებულებას ორ ცვლად შორის] გაკეთება, რითაც ვადგენთ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების დამოკიდებულებას სხვადახვა საკითხისადმი.

ამომრჩევლები პირობითად ორ ჯგუფად დავყავით: “გადაუწყვეტლები”, ანუ ისინი, ვისაც ჯერ არჩევანი გაკეთებული არა აქვთ და ისინი, ვინც უკვე იცის, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემს ხმას .

ვინ არიან გადაუწყევეტელი ამომრჩევლები?

მონაცემების უმეტესობაში ჩანს, რომ გადაუწყევეტელ ამომრჩევლების:

➤ უმეტესობას შეადარებით ნაკლებად აინტერესებთ მიმდინარე პროცესები, ისინი უფრო ხშირად იკავებენ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს;

➤ უმეტესობა ქალია;

➤ უმეტესობა საქართველოს პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს;

➤ 80% თვლის, რომ ეკონომიკური პრობლემები არსებული ხელისუფლების შეცდომის ბრალია

➤ 62% თვლის, რომ ეკონომიკური პრობლემები წინა ხელისუფლების შეცდომების ბრალია

➤ 18% არ პასუხობს ბიძინა ივანიშვილის შესაძლო არაფორმალური მმართველობასთან დასმულ კითხვებს

NDI-ის მიერ ჩვენთვის მოწოდებული დამატებითი სტატისტიკური მონაცემებით, გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში ქალების პროცენტული წილი ბევრად მაღალია კაცებზე. ქალი ამომრჩევლის 65%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. ქალების 31%-ს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, დანარჩენმა კი თავი შეიკავა ეპასუხა შესაბამისი კითხვისთვის. რაც შეეხება კაცებს – მათ 57%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის დაუჭერს მხარს, მაშინ, როცა 38%-ს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს.

სქრინშოტი კვლევიდან

სქრინშოტი კვლევიდან

გადაუწყვეტელი ადამიანების რაოდენობა ოდნავ მეტია სოფლად მცხოვრებ ამომრჩევლებში, ვიდრე ურბანულ სივრცეებში. სოფლად მცხოვრები ამომრჩევლების 64%-ს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, მაშინ, როცა, მაგალითად, თბილისში ასეთი 59%-ია.

რაც შეეხება ასაკს, 56+ ამომრჩევლების რაოდენობა გადაუწყევეტელი ადამიანების საერთო მოცემულობაში 5%-ით ჩამორჩება 18-35 და 36-55 ასაკის მქონეებს. 18-35 და 35-55 ასაკის ამომრჩევლების 63 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას, მაშინ, როცა 56+ ასაკის მქონე ადამიანებში ეს მაჩვენებელი 57%-ია.

გადაუწყევეტელი ამომრჩევლების მოსაზრებები

როგორ ცხოვრობს მისი ოჯახი 2012 წლის შემდეგ? გადაუწყვეტელი ამომრჩევლების მხოლოდ 8% ამბობს, რომ 2012 წლიდან მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია მეორე ჯგუფის პასუხების შედეგებზე – 15%

დაახლოებით იგივეა ვითარება, როდესაც კითხავ: რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა? პოლიტიკური არჩევანის მქონე ამომრჩევლების 27% ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ, როდესაც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მხოლოდ 17% მიიჩნევს ასე. გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 39%-ის აზრით, ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, იგივე აზრი აქვს  პოლიტიკური სიმპათიების მქონე ამომრჩევლების მხოლოდ  29%-ს.

“გადაწყვეტილი” და “გადაუწყვეტელი” ამომრჩევლების დაახლოებით ერთი და იგივე რაოდენობა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული არ უნდა იყოს (56-57%), თუმცა, ზოგადად, გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს არაფორმალური მმართველობის საკითხი შედარებით ცოტა ნაკლებად აინტერესებთ. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის თემასთან დაკავშირებულ შეკითხვებს გადაწყვეტილების მქონე ამომრჩევლების მხოლოდ 7%-მა არ უპასუხა არაფერი, მაშინ, როცა ეს რიცხვი გადაუწყვეტლებთან მიმართებაში 18%-ია.

ივანიშვილი

რაც შეეხება იმას, თუ რისი ბრალია ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები, “გადაუწყვეტელი” ამომრჩევლების უმრავლესობა ეთანხმება პოლიტიკური სიმპათიის მქონე ადამიანებს იმაში, რომ პრობლემები ამჟამინდელი მთავრობის შეცდომების ბრალია. თუმცა, თუ შეკითხვას დაუსვამ: ხომ არ არის ეკონომიკური პრობლემები წინა ხელისუფლების ბრალი? აქ ამომრჩეველთა ორი ჯგუფის შეხედულებებს შორის პროცენტული სხვაობა არსებობს. “გადაუწყევეტელი” ამომრჩევლების 62% ფიქრობს, რომ ეს წინა მთავრობის ბრალია, მაშინ, როცა იმავე აზრზე გადაწყვეტილების მქონე ამომრჩევლების 53%-ია.

Screen Shot 2016-04-18 at 1.48.19 PM

Screen Shot 2016-04-18 at 1.48.32 PM

გადაუწყევეტელ ადამიანებს ამომრჩეველთა მეორე ჯგუფთან შედარებით ნაკლებად აინტერესებს პარლამენტის მუშაობის საკითხი. მათმა 15%-მა საერთოდ არ უპასუხა ამ შეკითხვას, როცა იგივე გადაწყვეტილების მქონე მხოლოდ 6%-მა გააკეთა.

გადაუწყევეტელი ამომრჩევლების უმრავლესობისთვის (51) უინტერესოა, ვის მისცემს ხმას საპარლამენტო არჩევნებზე, რადგან მისი აზრით “მაინც არაფერი შეიცვლება”. გადაწყვეტილების მქონე ამომრჩევლის მხოლოდ 40% ფიქრობს ასე.

ნატო და ევროკავშირი

იმ ამომრჩევლებთან შედარებით, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნებისთვის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში შედარებით მცირედითაა პოპულარული აზრი საქართველოს ნატოსა ინტეგრაციასთან დაკავშირებით, თუმცა NDI-ის კვლევით გადაუწყევეტელი 61%-ის უმრავლესობაც ევროატლანტიკურ კურსს უჭერს მხარს.

ნატოს მხარდამჭერი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 67%-ია, მაშინ, როცა პოლიტიკური სიმპათიის მქონე ამომრჩევლებში ეს რიცხვი 5%-ით მეტია.

ვითარება იცვლება, როდესაც ამომრჩევლების ორივე ჯგუფს კითხავ: საქართველოს ევრაზიულ კავშირში [დამფუძნებელი რუსეთი] გაწევრიანებას უჭერენ მხარს, თუ ევროკავშირში? როდესაც ამ ორი გაერთიანებიდან მხოლოდ ერთის ამორჩევა უწევთ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 67% უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას მაშინ, როდესაც უკვე ჩამოყალიბებული არჩევანის მქონე ადამიანების 8%-ით ნაკლები, ანუ 59%-ია იმავე კურსის მომხრე.

ევრო

ვინ წავა არჩევნებზე და ვინ დარჩება სახლში?

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომელიც საქართველოში საარჩევნო პროცესებს უკვე წლებია აკვირდება, რამდენიმე მიზეზით ხსნის იმ ფაქტს, რომ გადაუწყევეტელი ამომრჩევლების პროცენტული წილი ასეთი დიდია. მისი თქმით, იგრძნობა ნიჰილიზმი, იმედგაცრუება და, რაც მთავარია, ამომრჩევლები გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ ხედავენ იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე შეიძლება შეიცვალოს.

“შესაძლოა, აქ იყოს საქართველოში პასიური პესიმისტებისა და პასიური ოპტიმისტების მომენტი, რომლებიც პასიურად ელოდებიან შედეგებს. ზოგს არ უნდა, რომ მონაწილეობა მიიღოს სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებში. დიდი ნაწილი თვლის, რომ აზრი არ აქვს იმიტომ, რომ გაუმჯობესება მაინც არ იქნება. საბოლო ჯამში, სიტუაციის გრძელვადიანად გაუმჯობესების განცდის არქონა ქმნის ამ პასიურ გარემოს”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ნიჰილიზმს დაბალი პოლიტიკური კულტურის დონეც ქმნის, როდესაც მოსახლეობაში არ არის განცდა, რომ ცვლილების შემძლე პოლიტიკური კლასი ჰყავს, ხოლო, მეორე მხრივ, არც მოსახლეობისგან ისმის ზუსტი დაკვეთა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკური ელიტა.

მიუხედავად ამისა, გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე ის ამომრჩევლებიც წავლენ, რომლებსაც ამჟამად პოლიტიკური სიმპათიები არ გააჩნიათ:

“გამომდინარე იქიდან, რომ სხვა გამოსავალს ვერ დაინახავენ, რაღაც უნდა გაუმჯობესდეს. თუ მაინცდამაინაც ისეთი დადებითი განწყობები არ აქვთ არსებული პარტიების მიმართ, ამოარჩევენ მათში უკეთესს მაინც. აქ არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ თვითონ მოსახლეობაში არსებული კონკურენციის საკითხიცაა. მოსახლეობაში განწყობების კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია [საარჩევნოდ].თუ ისინი ხედავენ, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს რომელიმე კანდიდატს და მათ ეს ჯგუფები ძალიან არ მოსწონთ, ოღონდ მათმა კანდიდატმა არ გაიმარჯვოს და სხვას მისცემენ ხმას. საზოგადოებაში არჩევნების წინ ტემპერეატურა ყოველთვის ძალიან მაღლა იწევს და მოსახლეობა ძალიან აქტიურდება. ახლა სეზონური ძილის რეჟიმშია ამომრჩეველი და იმიტომაა ამდენი გადაუწყევეტელი ამომრჩეველი”, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი