ახალი ამბები

გედევან ფოფხაძე: ექვსთვიანი წინასაარჩევნო კამპანია არანაირად არის სწორი

18 აპრილი, 2016 • 1250
გედევან ფოფხაძე: ექვსთვიანი წინასაარჩევნო კამპანია არანაირად არის სწორი

თუ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნო პერიოდის ვადაზე ვერ შეთანხმდებიან, შესაძლოა ხელისუფლებამ კანონმდებლობის შეცვლაზე დაიწყოს მუშაობა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განუცხადა:

“თუ რაიმე სამართლებრივი გზა გამოიძებნება, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილების სახით, ეს აჯობებს, ვიდრე ამ თემაზე მარტო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება-არმიღება. ერთი არის პრეზიდენტის სურვილი, მეორე არის ის საჭიროება, რაც საჯარო ინტერესს წარმოადგენს. მე არ ვიცი, რა მოტივაციით არის პრეზიდენტის სურვილი განპირობებული, მაგრამ ექვსთვიანი წინასაარჩევნო კამპანია არანაირად არის სწორი.”

ფოფხაძე მიიჩნევს, რომ შეთანხმების მიღწევა პოლიტიკური ამოცანა უნდა იყოს:

“სასურველია, რომ [პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი] შეთანხმდნენ. საბოლოო ჯამში, სამართლებრივი და პოლიტიკური მიზანი ის არის, რომ საარჩევნო სუბიექტებმა და საზოგადოებამ დროზე გაიგონ არჩევნების თარიღი და წინასაარჩევნო კამპანია იმაზე ადრე არ დაიწყონ, ვიდრე ეს ხდებოდა. ორთვიანი წინასაარჩევნო კამპანია სავსებით საკმარისია ქვეყნისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის თავისი ამოცანების განსახორციელებლად.  ”

ეგებ შედგეს რაიმე შეთანხმება, თუ არა, მაშინ რაღაც სხვაზე უნდა ვიფიქროთ,”- აღნიშნა ფოფხაძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა კვლავ არ მოახდენს არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის კონტრასიგნაციას, მასზე მაინც არ იმოქმედებს მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსულების შესახებ კანონით გათვალისწინებული 6-თვიანი შეზღუდვა.

საქმე ეხება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღს. პრეზიდენტი და პრემიერი შეთანხმდნენ, რომ არჩვნები 8 ოქტომბერს ჩატარდება, თუმცა 6 აპრილს პრეზიდენტის მიერ კონტრასიგნაციისთვის მთავრობისთვის გაგზავნილ აქტს, სადაც ამოქმედების თარიღად 8 აგვისტო იყო განსაზღვრული, პრემიერმა ხელი არ მოაწერა და 14 აპრილს მოტივირებული შენიშვნებით უკან გაუგზავნა პრეზიდენტს. ასევე, 14 აპრილს გაირკვა, რომ მთავრობის რეკომენდაციაა, არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოქვეყნებისა და, შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი 8 ივლისს იყოს, ხოლო პრეზიდენტის სურვილია, რომ ეს 8 ივლისის ნაცვლად 8 მაისს მოხდეს.

ნეტგაზეთთან საიას თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა განმარტა, რომ კანონმდებლობის თანახმად, თუკი მთავრობა მეორედაც არ დაეთანხმება პრეზიდენტის მიერ კონტრასიგნაციისთვის გაგზავნილ სამართლებრივ აქტებს, პრეზიდენტს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში აღარ ექნება არჩევნების დანიშვნის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ოქტომბერში ვეღარ ჩატარდება.

თუმცა, მისივე თქმით, ეს კონსტიტუციის ავტომატურ დარღვევასა და კრიზისულ სიტუაციას გამოიწვევს, ვინაიდან კონსტიტუციით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი