ახალი ამბები

სოფელ ცდოში დაკავებული ზაზა წიკლაურის სასამართლო დღეს გაიმართება

18 აპრილი, 2016 • 1887
სოფელ ცდოში დაკავებული ზაზა წიკლაურის სასამართლო დღეს გაიმართება

ყაზბეგის რაიონის სოფელ ცდოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშემებლობის საწინააღმდეგო აქციაზე 17 აპრილს დაკავებული ზაზა წიკლაურის საქმეს მცხეთის რაიონული სასამართლოს დღეს, 18 აპრილს განიხილავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ზაზა წიკლაური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი  მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზაზა წიკლაურის ნათესავი, ლელა წიკლაური ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ აქციაზე დაკავებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია:

“არანაირ დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, მიუხედავად ამისა, მაინც დააპატიმრეს,”- ამბობს ლელა წიკლაური.

საპროტესტო აქცია ეხებოდა სოფელ ცდოში “დარიალი-სტეფანწმინდის” 220 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. ლელა წიკლაური ამბობს, რომ მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს.

სოფელ ცდოს მოსახლეობა “მოამბესთან” საუბრისას ამბობს, რომ თუკი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები სოფლის შუაგულში გაივლის, ისინი იქ ცხოვრებას ვეღარ შეძლებენ. ჟურნალისტთან საუბრისას ადგილობრივი მკვიდრი, ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ ადგილობრივები ვეღარ შეძლებენ ადგილზე თივის მოყვანას და პირუტყვის გამოკვებას. ადგილობრივებს არ სურთ, რომ გადამცემმა ხაზმა სოფელში გაიაროს პროექტის შემოვლითი გზით განხორციელებას მოითხოვენ.

კითხვით, აპირებენ თუ არა ცდოს მოსახლეობის  პროტესტის გათვალისწინებას და პროექტის შემოვლითი გზით განხორციელებას, ენერგეტიკის სამინისტრის მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ შეკითხვებით წერილობით მივმართოთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი