ახალი ამბები

TDI საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსაგან განმარტებას ითხოვს

17 აპრილი, 2016 • 1255
TDI საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსაგან განმარტებას ითხოვს

TDI საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს თხოვნით მიმართავს. ორგანზიაცია მოითხოვს საბჭოსაგან განმარტებას იმ კონკრეტული კრიტერიუმების შესახებ, რომლებიც ვერ დააკმაყოფილა მეურვეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნინო ცინცაძემ და, შესაბამისად, ვერ გადავიდა შერჩევის შემდეგ ეტაპზე. TDI-ში აცხადებენ, რომ ნინო ცინცაძეს აქვს მედიის, გამოხატვის თავისუფლების, განათლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მუშაობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი არის საქართველოში პორტიჯის ასოციაციის, ასევე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ვებგვერდის რედაქტორი.

“როგორც ჩვენთვის ცნობილია, კომისიის დებულების თანახმად, კანდიდატები ფასდებიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კრიტერიუმების საფუძველზე.

გთხოვთ, გვაცნობოთ, რას ითვალისწინებს აღნიშნული კრიტერიუმები, როგორ ფასდება კანდიდატის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია და, შესაბამისად, რომელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ნინო ცინცაძემ.

ასევე, გვაინტერესებს, რატომ არ გახდა კომისიის წევრებისათვის მნიშვნელოვანი ნინო ცინცაძის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში მკაფიოდ ხაზგასმული პრიორიტეტები:

– სახელისუფლებლო, რელიგიური და პოლიტიკური გავლენებისაგან მაუწყებლის სრული განთავისუფლება

– სამეურვეო საბჭოს როლის ზრდა ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეწყობაში
გასაჩივრების გამჭვირვალე მექანიზმებითა და საზოგადოებრივი საბჭოების ამოქმედების გზით მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა

– ჟურნალისტთა ეთიკური სტანდარტებისა და პროფესიონალიზმის ზრდა.

თავის ხედვასა და ამ ხედვის წარდგენისას ნინო ცინცაძემ ასევე ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო კამპანიის წარმოებაში ქსენოფობიის, ჰომოფობიისა და რასიზმის წინააღმდეგ, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს გენდერული თანასწორობის, პოზიტიური მშობლობისა და წიგნიერების კულტურის ხელშეწყობის მხარდასაჭერად.

ჩვენი მოსაზრებით, სწორედ ესენია ის საკვანძო საკითხები, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სანდოობას და, შესაბამისად, მისი რეიტინგის ზრდას შეუწყობს ხელს.” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ასევე ხელს აწერენ მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო (BBSA- Georgia), საფარი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია და საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი