ახალი ამბები

აშშ-ის ელჩზე თავდასხმის მუქარაში ბრალდებულისთვის შეფარდებულ პატიმრობას დღეს გაასაჩივრებენ

16 აპრილი, 2016 • 2141
აშშ-ის ელჩზე თავდასხმის მუქარაში ბრალდებულისთვის შეფარდებულ პატიმრობას დღეს გაასაჩივრებენ

აშშ-ის ელჩზე თავდასხმის მუქარაში ბრალდებულ სულხან წულაძის ძმამ, გიორგი წულაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძებს სახით შეფარდებულ პატიმრობას სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებენ.

15 აპრილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატრიმრობა შეუფარდა სულხან წულაძეს, რომელიც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მუქარაშია ბრალდებული (სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მეორე ნაწილი). ოჯახის ინფორმაციით კი, სულხან წულაძე დააკავეს იმიტომ, რომ forum.ge-ზე გახსნა სახუმარო თემა,  სადაც აშშ-ის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა.

დაკავებულის ოჯახი ასევე ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ საქმეში არსებული ერთადერთი მტკიცებულება თბილისის ფორუმზე გახსნილი თემაა, ხოლო სულხან წულაძე დაკავების მომენტიდან თანამშრომლობს და მომავალშიც ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

გავრცელებულ განცხადებაში ოჯახი ასევე აღწერს, რომ წულაძემ ფორუმზე რამდენიმე დღის წინ გახსნილ თემაში “გამოიყენა Google Earth-იდან ამოღებული ფოტო, რომელიც აშშ-ის საელჩოს და მიმდებარე ტერიტორიის ადგილმდებარეობას ასახავდა. როგორც შემდგომში გაირკვა, სულხან წულაძემ შესაძლო თავდასხმის სცენარი გადმოიღო ცნობილი ამერიკული სერიალიდან “Homeland”, სადაც მოქმედებები მის მიერ აღწერილი სცენარის ანალოგიურად ვითარდება”.

ამის შემდეგ, ოჯახის ინფორმაციით, წულაძე სამართალდამცავებმა დააკავეს, გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლი და სამუშაო ადგილი; ამოიღეს პერსონალური კომპიუტერების, მობილური ტელეფონების, ელექტრონული მეხსიერების მატარებლები და დაამუშავეს დაკავებულის პერსონალური ინფორმაცია.

მათივე ცნობით, 15 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ პატიმრობის მოთხოვნის აუცილებლობა დაასაბუთა სამხილების განადგურების, მოწმეებზე ზეწოლის განხორციელების და პირის მიმალვის საშიშროების ალბათობით. ოჯახი პროკურატურას არ ეთანხმება:

“სულხან წულაძის ოჯახის წევრები და მისი მეგობრები სრულად ვაცნობიერებთ მის მიერ ჩადენილი ქმედების არაეთიკურობას, თუმცა მიგვაჩნია, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენება არის მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებაში სრულად შეუსაბამო. ასევე ჩვენთვის გასაგებია, რომ ქართული, ასევე ამერიკული მხარისათვის საჭიროა გონივრული ვადა, რათა ისინი დარწმუნდნენ, რომ საქმე გვაქვს ე.წ. ინტერნეტ-ტროლინგთან, თუმცა ვთვლით, რომ საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად სულხან წულაძის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა სულხანს და მის ოჯახს. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საკითხის პოლიტიზების საფრთხე და შესაძლოა გარკვეულმა პიროვნებებმა ან პიროვნებათა ჯგუფმა მომხდარი საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენოს, უმორჩილესად ვთხოვთ თითოეულ ადამიანს, რომ ოჯახთან შეთანხმების გარეშე არ დაგეგმონ/განახორციელონ საჯარო აქტივობები, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ელფერი სდევდეს,”- აღნიშნულია განცხადემაში.

გუშინვე განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც, სადაც საქართველოს საგამოძიებო უწყებებს მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ აშშ-ის ელჩის მისამართით გაჟღერებულ მუქარაზე გამოძიება დაიწყეს.

საელჩომ ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს,  ამ საკითხზე სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი