ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი “რესპუბლიკელი” მინისტრების გათავისუფლებას არ აპირებს

15 აპრილი, 2016 • 1885
გიორგი კვირიკაშვილი “რესპუბლიკელი” მინისტრების გათავისუფლებას არ აპირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 15 აპრილს, განაცხადა, რომ არ აპირებს რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობებიდან გათავისუფლებას.

მისი თქმით, რესპუბლიკური პარტიის მხრიდან საგარეჯოს არჩევნებში რესურსების გამოყენების საკითხზე პროკურატურამ დარღვევის ნიშნები ვერ აღმოაჩინა და ამ საკითხზე სპეკულაციების გაგრძელება არ არის სწორი.

“პროკურატურამ გააკეთა წინასწარი მოკვლევა ამ საკითხთან მიმართებაში და იქ დარღვევის ნიშნები არ აღმოჩნდა. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით არ არის სწორი გარკვეული სპეკულაციების გაგრძელება იმიტომ, რომ თუ პროკურატურა ვერ პოულობს დარღვევის ნიშნებს, მაშინ ამ მიმართულებით პროცესი არ უნდა გაგრძელდეს,” – ამბობს პრემიერი.

გიორგი კვირიკაშვილი “რესპუბლიკელი” მინისტრების გათავისუფლებას არ აპირებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისინი დღეს არიან პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში. კვირიკაშვილის თქმით, რესპუბლიკელებთან ასეთ რეჟიმში მუშაობა საინტერესოა:

“რაც შეეხება რესპუბლიკელი მინისტრების ყოფნას მთავრობის შემადგენლობაში, არ ვაპირებ მათ გათავისუფლებას. კანონით არის გათვალისწინებული ვადები (ეს არის ერთთვიანი ვადა) და თუ ისინი მოისურვებენ საარჩევნო სიაში ყოფნას, ამ პერიოდისათვის, სავარაუდოდ, თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ პარტნიორობის და კონკურენციის რეჟიმში. ეს არის ერთად მუშაობის ასეთ გამოცდილება, რასაც დღეს ჩვენ გავდივართ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა ასეთ რეჟიმში მუშაობა და არ მგონია ამაზე დამატებითი კომენტარების გაკეთება მიზანშეწონილი.”

რესპუბლიკური პარტია 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად, არაკოალიციურ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ 31 მარტს განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება რესპუბლიკელებმა 27 მარტს მიიღეს, თუმცა მისი გასაჯაროება დაგვიანებით პრემიერის თხოვნის გამო მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი