ახალი ამბები

კვირიკაშვილი: რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა ტენდენციურია

15 აპრილი, 2016 • 1096
კვირიკაშვილი: რუსთავი 2-ის  სარედაქციო პოლიტიკა ტენდენციურია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეარხების წამყვანების შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკითხვა Freedom House-ის ანგარიშსა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო შემქნილ ვითარებას შეეხო. კვირიკაშვილის თქმით, მან საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში რამდენჯერმე სთხოვა ბრიუსელში მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, რომ გამოეგზავნათ სპეციალური ჯგუფი საქართველოში, რომელიც რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის უფრო მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა.

მინისტრის განცხადებით, ეს შემთხვევა არ შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც შეტევა თავისუფალ მედიასაშუალებაზე, თუმცა არ უარყოფს, რომ სასამართლო პროცესი არ იყო გამჭვირვალე.

“ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენი სარედაქციო პოლიტიკა არის ტენდენციური, სამწუხაროდ, და მე ვფიქრობ, რომ ამას ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ. რაც შეეხება იმას, თუ მე რა ვერ შევძელი, ჩვენ დღეს ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა რომ ვინმეს მიერ კონტროლდებოდეს, ეს რომ ასე იყოს, ალბათ, სხვა გადაცემები იქნებოდა. თქვენ გაქვთ საშუალება, რომ აბსოლიტურად თავისუფლად გახვიდეთ ეთერში და არ მგონია, რომ თქვენზე ვინმე ზეწოლას ახორციელებდეს.”

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მას არ სურს, წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე შეიცვალოს:

“ნამდვილად არ მინდა, რომ წინასაარჩევნოდ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკაში რამე შეიცვალოს, რომ მერე ვინმეს სალაპარაკო არ ჰქონდეს, რომ ვინმეს რამის შეეშინდა. თუმცა დღეს რომ შეადაროთ, დღევანდელი ახალი ამბების შინაარსი, სადაც არის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივზე საუბარი. თუნდაც ბოლო პერიოდში, მაგალითად, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, 45-ე წუთზე იქნა გადაცემული – ნუ, მე არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო. არანაირი პროტესტი მე ამის მიმართ, როგორც პრემიერ-მინისტრს, არ შეიძლება მქონდეს და არანაირი სურვილი ამ მიმართულებით, რომ რაიმე ქირურგიული ჩარევა მოხდეს, არ გამაჩნია,” – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი