ახალი ამბები

პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: მე ვარ გარანტი იმისა, რომ საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება

15 აპრილი, 2016 • 1220
პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: მე ვარ გარანტი იმისა, რომ საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება

საქართველოს პრემირ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სხვადასხვა ტელეარხების წამყვანთა შეკითხვებს პასუხობს. კვირიკაშვილის თქმით, ფარული ვიდეო/აუდიომასალების გავრცელების ფაქტზე გამოძიება ამ ეტაპზე ორი მიმართულებით მიმდინარეობს და, როგორც პრემიერი აცხადებს, მისი მთავარი მიზანია, მსგავსი პრეცედენტის განმეორება აღარ დაუშვას:

“მე არ ვიცნობ გამოძიების ყველა დეტალს, როგორ მივიდა პროკურატურა ამ ადამიანებამდე, ვინც ჩართული იყვნენ ამის ორგანიზებაში. გამოძიება დღეს მიდის ორი მიმართულებით: ერთი არის კადრების შემქმნელების მიმართულება, მეორე არის გამავრცელებლების მიმართულება. მეორე მიმართულებით გამოძიებაში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიურო (FBI). მათ უკვე მოაწყვეს ერთობლივი ბრიფინგი პროკურატურის წარმოამდგენლებთან ერთად. ეს პროცესი მარტივი არ არის. სამწუხაროდ, დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას ინტერნეტმისამართების დაფარვის და ა.შ. ვნახოთ, რა იქნება. ჩემი მიზანი არის, რომ მომავალში მსგავსი პრეცედენტები აღარ დავუშვა,” – აცხადებს პრემიერი.

გიორგი კვირიკაშვილი თავის თავს იმის გარანტად მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიოჩანაწერებით მოქალაქეების დაშანტაჟების პრაქტიკა დამთავრდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში  უკანონო ქმედებას ზოგიერთი კვლავ ახორციელებდეს:

“გარანტი იმისა, რომ ჩვენ გვექნება შეუგუებლობა იმისა, რომ მსგავსი რამ კიდევ აღარ მოხდება ჩვენს ქვეყანაში, ნამდვილად ვარ. არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩვენს ინსტიტუციებში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ სურვილი, გამომდინარე თავიანთი სამუშაო ფუნქციებიდან, შესაძლებლობაც, რომ უკანონო ქმედებები ახორციელონ. მე არ გამოვრიცხავ ამას, მაგრამ მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ჩვენ წავალთ იმ მიმართულებით, როცა ადამიანების საძინებლებში ძრომიალი დამთავრდება – აი, ეს არის ჩემი პასუხი,” – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი