ახალი ამბები

კვირიკაშვილი: NDI-ს კვლევის გარკვეული ნაწილი იმ რეალობას არ ასახავს, რომელიც ქვეყანაშია

15 აპრილი, 2016 • 1263
კვირიკაშვილი: NDI-ს კვლევის გარკვეული ნაწილი იმ რეალობას არ ასახავს, რომელიც ქვეყანაშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, NDI-ს კვლევის გარკვეული ნაწილი იმ რეალობას არ ასახავს, რომელიც ქვეყანაშია. ამის შესახებ მან ტელეკომპანიების პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე ისაუბრა:

“არის გარკვეული მაჩვენებლები ამ კვლევაში, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ რეალობისგან და იმ განცდისგან, რომელიც ჩემი აზრით საქართველოს მსოახლეობის უმეტესობას გააჩნია .  უფლება მაქვს ვთქვა, რომ კვლევის გარკვეული ნაწილი ადეკვატურად არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია,”- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის თავმჯდომარე კვლევის შედეგებს უნდობლობას ცალსახად არ უცხადებს და ამბობს, რომ შედეგები რაღაც კუთხით საინტერესოა:

“მე არ ვიტყოდი, რომ არ ვენდობი კვლევას, კვლევაში არის ძალიან  მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომლებიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თუმცა არის გარკვეული მომენტები, როდესაც მე, შესაძლოა, სხვა განცდები მქონდეს იგივე “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა პროცენტულ რაოდენობასთან მიმართებაში და სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით, რაც ეხება პიროვნებების პოპულარობის თუ არაპოპულარობის რეიტინგებს.”

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, NDI ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, თუმცა, მისივე სიტყვებით, შესაძლოა NDI-ს კონტრაქტორ კომპანიებს კვლევის წარმოების შესაბამისი პროფესიონალიზმი არ გააჩნდეთ:

” NDI არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, NDI-ს ძალიან პოზიტიური როლი აქვს საქართველოში პლურალიზმის დამკვიდრებაში და ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. არაერთი პროგრამა, რომელიც  NDI-მ დაასპონსორა, გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით.  მოგეხსენებათ, რომ კვლევას  ახორციელებს სხვადასხვა კონტრაქტორი კომპანიები, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ იმ დონის პროფესიონალიზმი, ან მოცულობა ამ კვლევის არ იყოს იმ დონის, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ზუსტად გამოხატოს საზოგადოების პრიორიტეტები.”

საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგები, რომელიც NDI-ის დაკვეთით CRRC- საქართველომ ჩაატარა, 13 აპრილს გამოქვეყნდა.

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია “ქართულ ოცნებას” მხარს 15% დაუჭერდა, “ნაციონალურ მოძრაობას”-13%,  “თავისუფალ დემოკრატებს- 6%, ხოლო 36%-მა არ იცის.

გამოკითხვის მიხედვით, 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, ხოლო 31%-ს გადაწყვეტილი აქვს, ვის უნდა დაუჭიროს მხარი.

NDI-ის  წინა, ანალოგიური კვლევის შედეგებით მიხედვით,  “ქართული ოცნების” რეიტინგი 5%-ით გაიზარდა, “ნაციონალური მოძრაობის” კი უცვლელი დარჩა.

შედეგების მიხედვით, პოპულარული პოლიტიკოსების სიას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ლიდერობს.  NDI -ის კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 15 %-მა დავით ბაქრაძე დაასახელა.  ამ შედეგების მიხედვით მისი პერსონალური რეიტინგი მიხეილ სააკაშვილისას 13 %-ით აღემატება.

ამ კვლევის შედეგებით, სააკაშვილი, დავით უსუფაშვილი და გიორგი მარგველაშვილი მხოლოდ 2 %-ს მოსწონს. ამ სამ პოლიტიკოსს შედეგებით უსწრებენ ნინო ბურჯანაძე, დავით სერგეენკო, გიორგი კვირიკაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ირაკლი ალასანია.

CRRC- საქართველომ 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. გამოიკითხა 3,900 ადამაიანი. კვლევის პრეზეტნაცია ორგანიზაციამ დღეს, 13 აპრილს გამართა.

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. კვლევა ჩატარდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი