ახალი ამბები

კვირიკაშვილი: წინასაარჩევნო კამპანიის თარიღზე პრეზდენტთან კონსულტაციები გაგარძელდება

15 აპრილი, 2016 • 1272
კვირიკაშვილი: წინასაარჩევნო კამპანიის თარიღზე პრეზდენტთან კონსულტაციები გაგარძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების უკვე გამოცხადებული თარიღი, 8 ოქტომბერი აღარ შეიცვლება, თუმცა გაგრძელდება კონსულტაციები პრეზიდენტთან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით.

ეს განცხადება პრემიერმა 15 აპრილს პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე გააკეთა.

“მე ორი დღის წინ გავაკეთე განცხადება და იქაც აღვნიშნე, რომ მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა გარკვეული უზუსტობა იურიდიულ დეტალებთან დაკავშირებით, სრული ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული. ამიტომ, განკარგულება არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოგზავნილი იქნა პრეზიდენტის მხრიდან. ამაში არაფერი არანორმალური არ არის. ჩვენ, მე მგონი, ხედავთ, რომ ინსტიტუციებს შორის გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა, რომელიც შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. ამიტომ გავაკეთეთ მოტივირებული შენიშვნებით უკან გადაგზავნა ამ აქტის, რათა ქვეყანა არ ჩართულიყო 6-თვიან წინასაარჩევნო პროცესში, არამედ დაზოგილიყო, უპირველეს ყოვლისა, თანხები და ამასთან, მე მგონია, რომ 3-თვიანი პროცესი, რომელიც განისაზღვრა უკვე და რომელიც ჩვენს შენიშვნებში აღვნიშნეთ, ჩვენი სურვილი იყო, რომ 8 ივლისიდან დაწყებულიყო ეს წინასარჩევნო პერიოდი და ამ დროს დამთხვეოდა პრეზიდენტის მხრიდან განკარგულების გამოგზავნა და ჩვენი მხრიდან საპასუხო ხელმოწერის გაკეთება, ანუ კონტრასიგნაცია.

შემდგომ უკვე, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ის მომხრეა, რომ მაისში დაიწყოს. აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, არ დაგიმალავთ. მაგრამ, არა მგონია, რომ ეს შეიძლება რაიმე კონფრონტაციად შეფასდეს. არ არის ეს ასე ნამდვილად. მას შემდეგ, რაც მქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტთან და ჩვენ გავაგრძელეთ ასეთ ფორმატში, ზედმეტი ემოციების გარეშე ურთიერთობა და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კონსულტაციები გაგრძელდება.

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვათ, რომ ჩემი მოწოდება არის, გავაუმჯობესოთ წინა სტანდარტი, რომელიც გახლდათ 60-დღიანი სტანდარტი, როდესაც 60 დღით ადრე გამოცხადდა წინასაარჩევნო პერიოდი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 8 ივლისი ყოფილიყო არჩეული, მაგრამ ვნახოთ, შემდგომი კონსულტაციების შედეგად მე მაქვს იმედი, რომ საერთო აზრზე მივალთ,”- ამბობს პრემიერი.

კვირიკაშილის განცხადებით, ამაში კონფრონტაცია არ უნდა ვეძიოთ და ექსტრაორდინარული არაფერი ხდება.

5 აპრილს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა.

მან მეორე დღესვე გაუგზავნა მთავრობას სამართლებრივი აქტები საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ კონტრასიგნაციისთვის. 6 აპრილსვე პრეზიდენტმა განმარტა, რომ არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება ძალაში არჩევნებამდე ორი თვით ადრე, 8 აგვისტოს შევიდოდა.

საქართველოს მთავრობამ 14 აპრილს უკან დაუბრუნა პრეზიდენტს კონტრასიგნაციისთვის გადაცემული სამართლებრივი აქტები არჩევნების დანიშვნის შესახებ და განაცხადა, რომ სასურველია არჩევნების შესახებ სამართლებრივი აქტები 2016 წლის 8 ივლისისთვის გამოიცეს.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა მკაცრად უპასუხა მთავრობას და განაცხადა, რომ არჩევნების შესახებ განკარგულებას არა ივლისში, რაც იყო მთავრობის რეკომენდაცია, არამედ მაისში გამოსცემს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმი არჩევნებამდე [8 ოქტომბერი] არა სამი თვით ადრე, რაც არის მთავრობის რეკომენდაცია, არამედ ხუთი თვით ადრე ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი