ახალი ამბები

პარლამენტმა ნადია სავჩენკოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

15 აპრილი, 2016 • 1208
პარლამენტმა ნადია სავჩენკოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

დღეს, 15 აპრილს, პარლამენტმა 85 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ნადია სავჩენკოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი მიიღო.

“თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის მიერ მომზადებული  უკრაინის უმაღლესი რადას წევრის, ნადია სავჩენკოს მხარდამჭერი რეზოლუცია პარლამენტის ბიურომ 28 მარტს დაარეგისტრირა.

„ვითვალისწინებთ  რა, ქალბატონ ნადია სავჩენკოს, უკრაინელი დეპუტატისა და  სამხედრო პილოტის, წინასწარი დაკავების მიზნით 2014 წლის ივნისიდან მისი საპატიმროში ყოფნის ფაქტს;

ვითვალისწინებთ რა, მის უკანონო გადაყვანას აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე  მისი წარდგენის მიზნით;

მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციას არ აქვს უფლება დააკავოს, დააპატიმროს, ბრალი წაუყენოს ან გაასამართლოს უკრაინის მოქალაქე უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულის სავარაუდო ჩადენისთვის;

ვითვალისწინებთ რა, რუსეთის ფედერაციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის ძალითაც ნადია სავჩენკოს სასჯელის სახით მიესაჯა  22 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ვითვალისწინებთ რა,  შიმშილობით გამოწვეული ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანების საფრთხეს, რომელიც 34 წლის ქალმა თავისი უკანონო პატიმრობისთვის პროტესტის ნიშნად დაიწყო;

მხედველობაში ვიღებთ 2015 წლის 12 თებერვლის მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ  საკითხს ყველა მძევლისა და იმ პირთა გაცვლის შესახებ, რომლებიც უკანონოდ იყვნენ დაკავებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში;

აღვნიშნავთ, რომ 2015 წლის იანვრიდან ქალბატონი სავჩენკო სარგებლობს ევროპის საჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის საპარლამენტო იმუნიტეტით – იმუნიტეტით, რომელიც არ იქნა გაქარწყლებული დაკავების მიერ –  და რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც “პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ ევროპის საბჭოს ზოგადი შეთანხმებისა” (1949 წლის 2 სექტემბერი) და მისი დამატებითი ოქმების (1952 წლის 6 ნოემბერი) მხარე,  ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებას;

მხედველობაში ვიღებთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და პოლიტიკური ორგანიზაციების არაერთ მოწოდებას ქალბატონ სავჩენკოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს 2034 (2015) და 2036 (2015), ევროპარლამენტის რეზოლუციის “ნადია სავჩენკოს საქმე” (2015 წლის 30 აპრილი) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას “რუსეთის ფედერაციაში მყოფი მოტაცებული და უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების შესახებ” (2015 წლის 9 ივლისი);

ვითვალისწინებთ რა, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ სხვა უკრაინელი მოქალაქეების უკანონო დაკავების საქმეებს;

საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას:

  1. დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქალბატონი ნადია სავჩენკო და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები, ან გადასცეს ისინი უკრაინას;
  2.  არ დაუშვას ქალბატონი სავჩენკოსა და სხვა უკანონო დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მძევლად გადაქცევა, მათი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნისა და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევისაგან. ” – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი