ახალი ამბებიკომენტარი

სკოლამდელი განათლების კანონპროექტზე ეკა ბესელიას მიმართავენ

15 აპრილი, 2016 • 1785
სკოლამდელი განათლების კანონპროექტზე ეკა ბესელიას მიმართავენ
სკოლამდელი განათლების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სფეროს ექსპერტები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მიმართავენ.
ეკა ბესელიაა ერთ-ერთი ავტორი იმ კანონპროექტის, რომელსაც პარლამენტი განიხილავს და რომელიც სკოლამდელ აღზრდას ეხება.  დისკუსიის საგანი გახდა კანონპროექტის მუხლი, რომელიც   ბაგა -ბაღებში შერეული ასაკობრივი ჯგუფების დაკომპლექტებას შეზღუდავს.
სწორედ ამ საკითხს ეხება სპეციალისტების მიმართვა, რომელსაც “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

მიმართვა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარეს, ქალბატონ ეკა ბესელიას

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი უნდა უყაროს საქართველოს კანონს სკოლამდელი განათლების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით, კანონი არ ითვალისწინებს აღმზრდელთა და ბაგა-ბაღების დირექტორთა გადამზადების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებას და არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტებს, სკოლამდელი განათლების სისტემის მართვაში, პროფესიონალი და კონკურსის შედაგად შერჩეული კადრები დაასაქმოს, ამ კანონის მიღება მაინც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან სკოლამდელი განათლება განათლების სისტემის პირველ და უმნიშვნელოვანეს საფეხურს წარმოადგენს.
ამ წერილის ხელმომწერი პირები აქტიურად ვიყავით ჩართული კანონპროექტის შემუშავების პროცესში და არაერთხელ გამოგვითქვამს ჩვენი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კანონი არ უნდა ზღუდავდეს სკოლამდელი განათლების სისტემაში მრავალფეროვანი პროგრამების ჩამოყალიბებას. კერძოდ,  დაუშვებელია, კანონი უზღუდავდეს სკოლამდელ დაწესებულებებს, დასაბუთებული პროგრამული მეთოდოლოგიის შემთხვევაში, ჰქონდეთ შერეული ჯგუფები სხვა და სხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისათვის.
საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი საბავშვო ბაღი, რომლის ხარისხიც პროფესიონალებს შორის ეჭვს არ იწვევს. ერთ-ერთი ამგვარი ბაღი თბილისის თავისუფალი ვალდორფის ბაღია. ხვალ შესაძლოა თბილისში ან საქართველოს რომელიმე რეგიონში მონტესორის, რეჯიო ემილიას ან ტყის ბაღების დაფუძნების სურვილი გაჩნდეს. მსოფლიო პრაქტიკა და სხვადასხვა კვლევები ადასტურებს ამ პროგრამების დადებით ეფექტს ბავშვების განვითარებაზე. რატომ უნდა ვთქვათ ჩვენ უარი სკოლამდელი განათლების ასეთი, მრავალფეროვანი განვითარების შესაძლებლობაზე?
ჩვენ ვალდებული ვართ, გვესმოდეს, რომ ბავშვისათვის უფრო ბუნებრივი სოციალური გარემოს აკრძალვით მისი განვითარებისთვის უკეთეს პირობებს ვერ შევქმნით. შესაძლოა, ოპონენტებმა თქვან, რომ ამგვარ ჯგუფებში აღმზრდელ-პედაგოგს მეტი კომპეტენცია მოეთხოვება, მაგრამ გვერწმუნეთ, რომ არსებულზე ბევრად უფრო მეტი კომპეტენცია მოეთხოვებათ აღმზრდელ-პედაგოგებს ჰომოგენურ ასაკობრივ ჯგუფებშიც. ამისთვის კი აუცილებელია, აღმზრდელ-პედაგოგთა საქმიანობის დაწყების და პროფესიული განვითარების ეროვნული სისტემის შექმნის გარანტია უზრუნველყოს კანონმა.
შესაბამისად, დაბეჯითებით მოვითხოვთ, არ შეუქმნათ ბარიერები საქართველოში მარავლფეროვანი სკოლამდელი აღზრდის პროგრამების ჩამოყალიბებას და იზრუნოთ დირექტორთა და აღმზრდელ-პედაგოგთა საქმიანობის დაწყების და პროფესიული განვითარების ეროვნული სისტემის შექმნაზე.
ნინო ცინცაძე, PhD – პორტიჯის ადრეული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი
ხათუნა დოლიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი;
ეთერ ღვინერია, თსუ პროფესორი, საგანმანათლებლო ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელი;
ცირა ბარქაია, ფსიქოლოგი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სპეციალისტი;
თამარ უჩანეიშვილი, ადრეული განვითრების და სკოლამდელი განათლების სპეციალისტი;
თამარ საღინაძე, ფსიქოლოგი, სკოლამდელი განათლების სპეციალისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი