ახალი ამბები

კალაძე: 2017 წლისთვის ელექტროენერგიით ირანთან ვაჭრობის მეტი შესაძლებლობა გვექნება

14 აპრილი, 2016 • 1340
კალაძე: 2017 წლისთვის ელექტროენერგიით ირანთან ვაჭრობის მეტი შესაძლებლობა გვექნება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ უნდა გამოიყენოს ირანის რესურსები და იმუშაოს ირანთან ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყების თაობაზე.

“ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას სანქციები მოეხსნა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ამ ქვეყნის შესაძლებლობები, რესურსები. ელექტროენერგიით ვაჭრობა გვაქვს ერთი მიმართულებით – თურქეთის. ასევე, მცირე მოცულობებით, მაგრამ მაინც ხორციელდება ელექტროენერგიით ვაჭრობა სომხეთთან. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, კარგი ენერგოკავშირები რუსეთთან, აზერბაიჯანთან, თუმცა კარგი იქნებოდა, თუ გავაძლიერებდით ენერგოგადამცემი ხაზების მშენებლობის კუთხით გარკვეულ პროექტებს. მაგალითად, სომხეთთან არსებული დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი ჩვენ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი მოცულობებით განვახორციელოთ ელექტროენერგიის გადატანა-გადმოტანა. როგორც ვიცით, სომხეთი მუშაობს ახალი ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურის მშენებლობის პროექტზე, რომელიც 2017 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ინვესტორებს, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიით განახორციელონ ვაჭრობა არა მხოლოდ თურქეთის მიმართულებით, არამედ შესაძლებელი იქნება სომხეთის გავლით, ირანის მიმართულებით მოხდეს ეს ყველაფერი”, – განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი