ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს არ აქვს ქმედითი შრომის ინსპექცია

14 აპრილი, 2016 • 1859
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს არ აქვს ქმედითი შრომის ინსპექცია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიშში საქართველოში არსებული შრომითი პირობების შესახებ ნათქვამია, რომ ამ დრომდე არ არსებობს შრომის ინსპექციის ქმედითი მექანიზმი.

“ქვეყანაში არ არის ქმედითი შრომის ინსპექცია, შესაბამისად, მთავრობა ეფექტურად ვერ ახორციელებს მინიმალური ხელფასის, სამუშაო საათების, შრომითი უსაფრთხოების თუ ჯანდაცვის სტანდარტების კონტროლს ვერც ერთ სექტორში,”- ვკითხულობთ ანაგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო საპილოტე პროგრამა შრომის ინსპექტორთა მოსამზადებლად. თუმცა აქვე ნათქვამია, რომ ამ პროგრამაში დამსაქმებელთა მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ასევე, ინსპექტორის ვიზიტამდე 5 დღით ადრე კომპანიები შეტყობინებას იღებენ. გაფრთხილების გარეშე ინსპექტორის ვიზიტი კი აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არის ეჭვები ტრეფიკინგთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დასაქმებულთათვის რთულია, თავი დააღწიონ სახიფათო სიტუაციას ისე, რომ შეინარჩუნონ სამსახური.

“დასაქმებულები, რომელთაც აქვთ ვადიანი კონტრაქტები, ხშირად შიშობენ, რომ თუკი დამსაქმებლებს შესჩივლებენ ჯანმრთელობისთვის სახიფათო სამუშაო გარემოსა და უსართხოებაზე, მათ კონტრაქტს აღარ გაუგრძელებენ,”- წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ დაურეგულირებელია მიგრანტების შრომითი პირობები და სახელმწიფო არ აწარმოებს საქართველოში მყოფი მიგრანტი მუშახელის სტატისტიკას. თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლის განმავლობაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გასცა 7 291 სამუშაო ნებართვა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ, 3 408 ვიზა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მიგრანტი მუშახელის უმეტესი ნაწილი უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში მუშაობს.

ანგარიშის თანახმად, დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მუშაობს “არაფორმალურ ეკონომიკაში”.

“რადგანაც არაფორმალურ ეკონომიკაში სამუშაო კონტრაქტები ხშირად არ ფორმდება, არის ექსპლუატაციის შემთხვევები. ასეთი პირობები გვხვდება ქუჩის მოვაჭრეებსა და დაურეგულირებელ ბაზრებში,”- ვკითხულობთ ანგაიშში.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ მთავრობა არ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილას გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკის წარმოებას. პროფკავშირების ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში ჭიათურის მაღაროებში გარდაიცვალა სამი და სერიოზულად დაშავდა 15 ადამიანი.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარატამენტის ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურად ვერ ახორციელებს კანონს, რომელიც კრძალავს იძულებით შრომას.

“ექსპერტები აცხადებენ, რომ შრომითი ინსპექტორების ნაკლებობა და შრომის კოდექსის სისუსტე ხელს უწყობს მუშახელის მოწყვლადობას მათ მიმართ ცუდი მოპყრობისა და იძულებითი შრომის კუთხით. დამსაქმებლები ექსპლუატაციას უწევენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სოფლის მურნეობაში, მშენებლობაში, პროსტიტუციასა და საყოფაცხოვრებო საქმიანობაში,”- წერია ანგარშში.

ანგარიშის თანახმად, იძულებითი ან სავალდებულო შრომის გამოძიების დაბალი მაჩვენებელი არ არის საკმარისი, რომ მსგავსი კანონდარღვევები შეჩერდეს.

რაც შეეხება ბავშვთა შრომას, ანგარიშში წერია, რომ საქართველოში ეს იშვიათ შემთხვევებში ხდება. ბავშვთა შრომის ყველაზე შესამჩნევი ფორმა – ეს არის მოწყალების თხოვნა თბილისის ქუჩებში.

“მოწყალების მთხოვნელი ბავშვები იყვნენ ძალადობის რისკის ქვეშ და ხშირად არ ჰქონდათ პირადი დოკუმენტები. შედეგად, ისინი ასევე ვერ სარგებლობენ სამედიცინო დახმარებით, განათლებითა და სხვა სახელმწიფო სერვისებით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი