ახალი ამბებისაზოგადოება

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტის სამი მსურველი

14 აპრილი, 2016 • 3285
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტის სამი მსურველი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. ამ დროისთვის რეგისტრაცია სამ კანდიდატს აქვს გავლილი.

მერაბ ელიაშვილი თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორია. გარდა ამისა, 2013 წელს დაინიშნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში.

ინესა მერაბიშვილი  და ცირა ბარამიძე კი უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორები არიან. მერაბიშვლი თსუ-ის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, ხოლო ცირა ბარამიძე თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.

არჩევნები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 აპრილს გაიმართება და მასში მონაწილეობას საარჩევნო კოლეგია მიიღებს. კოლეგია უნივერსიტეტის პერსონალითაა დაკომპლექტებული. მის შემადგენლობაში შედის დოქტორის  ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი.

რექტორის მოვალეობის შესრულებლის არჩევა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მარტის თვის პირველ ნახევარში უნივერსიტეტში გამართული სტუდენტთა ჯგუფების საპროტესტო აქციების დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პაპავამ აკადემიურ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. საბჭომ პაპავას განცხადება დააკმაყოფილა, თუმცა მოვალეობის შემსრულებლის არჩევამდე პაპავა კვლავ რექტორი იქნება.


 

სტუდენტური პროტესტი თსუ-ში 7 მარტს დაიწყო. სტუდენტთა ნაწილი ამბობდა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა თსუ-ის ბიუჯეტიდან თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა და ამის გასაპროტესტებლად აქცია გამართეს. სტუდენტთა ნაწილი დაუპირისპირდა გიორგი გაფრინდაშვილსაც, რომელიც თსუ-ის კანცლერის თანამდებობაზე აპირებდა კენჭისყრას. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გაფრინდაშვილი თსუ-ის პირველი მოწვევის თვითმმართველობის წევრი იყო და მისი საქმიანობის პერიოდში, 2011 წელს, სტუდენტური მოძრაობა “თარგმნეს” მიერ დაგეგმილი პრეზენტაციისას, თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობის აქტივისტებს. 10 აპრილს გამართა აქცია სტუდენტურმა თვითმმართველობამაც.

გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით შეკრებილმა სტუდენტებმა სენატის სხდომა ჩაშალეს, რომელზეც უნდა აერჩიათ კანცლერი. აქციის მონაწილეებმა თსუ-ის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორია დაიკავეს, რასაც თვითმმართველობასთან და მათ მხარდამჭერებთან დაპირისპირება მოჰყვა.

14 მარტს გიორგი გაფრინდაშვილმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით მისი კაბინეტი დაიკავეს და შიმშილობა დაიწყეს. „აუდიტორია 115“ კი გარდამავალი პერიოდის გმაოცხადებას და განათლების რეფორმის განხორციელებას მოითხოვდა. გარდამავალი პერიოდის შემდეგ კი აკადემიური საბჭოსა და რექტორის თანამდებობაზე არჩევნების შეცვლილი სტრუქტურით გამართვას ითხოვდა.

16 მარტს სტუდენტთა ორივე ნაწილმა თსუ-ის შენობა დატოვა, თუმცა პროტესტი გაგრძელდა. 30 მარტს თსუ-ის რექტორმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რაც აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა. ვლადიმერ პაპავა თანამდებობაზე 1 მაისამდე დარჩება, რათა ამ დროის განმავლობაში შეირჩეს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. თანმდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს აკადემიური საბჭოს წევრებმაც. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, კანცლერის ახალი კანდიდატის შერჩევაში მონაწილეობას აკადემიური საბჭოს ახალი შემადგენლობა მიიღებს, ამიტომ 15 მაისიდან თსუ-ს აკადემიური საბჭოს შემადგენლობა იცვლება; ხოლო უნივერსიტეტის კანცლერის კანდიდატურა 30 მაისიდან 3 ივნისამდე შეირჩევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი