ახალი ამბები

ვერძეული: არჩევნების დღეს არ უნდა მოქმედებდეს სასამართლოში საქმეთა განაწილების არსებული წესი

12 აპრილი, 2016 • 1939
ვერძეული: არჩევნების დღეს არ უნდა მოქმედებდეს სასამართლოში საქმეთა განაწილების არსებული წესი

“მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დროს არ მოქმედებდეს საქმის განაწილების ის სისტემა, როგორც დღეს გვაქვს. რომელიც თავმჯდომარეს აძლევს საკუთარი შეხედულებით საქმეების განაწილების ბერკეტს,”- ამბობს სოფო ვერძეული ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნეტგაზეთი EMC-ის იურისტს კამპანიის “სამართალი ითხოვს” პრეზენტაციაზე ესაუბრა. კამპანიის ორგანიზატორების, კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”, რომელიც 34 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შედგება, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ სასამართლოებში საქმეთა განაწილების არსებული წესის ცვლილება და ელექტრონული სისტემის დანერგვაა.

“ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება არჩევნების დროს, უშუალოდ არჩევნების დროს, როდესაც საარჩევნო დავები წავა სასამართლოსში, უშუალოდ არჩევნების დღესთან დაკავშირებული დავები. თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არ უნდა მოხდეს იმ მოსამართლის შერჩევა, რომლებიც განიხილავენ კონკრეტულ საარჩევნო დავებს. ეს უნდა იყოს წინასწარ განჭვრეტადი სისტემა, როემლიც ელექტრონულად, შემთხვევითად გაანაწილებს საქმეებს მოსამართლეებს შორის,”- განაცხადა სოფო ვერძეულმა.

მისივე თქმით, თუკი ტექნიკურად ვერ ხერხდება ელექტრონული სისტემის დანერგვა, მაშინ გარდამავალი პერიოდისთვის უნდა იყოს შემოღებული სპეციალური რეგულირება, რომლის მიხედვითაც, თავმჯდომარეს ჩამოერთმევა უფლებამოსილება, თავისი ჩარევით გაანაწილოს საქმეები და საქმეები განაწილდება ანბანური სისტემის მიხედვით.

ანბანურ სისტემაში, ვერძეულის განმარტებით, იგულისხმება შემდეგი: “მოსამართლეების გვარების პირველი ასოს მიხედვით შედგენილია სია სასამართლოში, საქმის შესვლის მიხედვით ნაწილდება რიგითობით სიაში არსებულ მოსამართლეებს შორის.”

მაისივე თქმით, კამპანიისთვის ” სამართალი ითხოვს” ასევე მნიშვნელოვანია მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის საკითხი.

“ამ მიმართულებით კამპანიის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ სანამ შესაბამისი საკანონმდებლო რეფორმები არ გატარდება, არ მოხდეს მოსამართლეთა დანიშვნა, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ წესი, რომლითაც მოსამართლეები ინიშნებიან, არის არაკონსტიტუციური. სწორდ ამიტომ მიმართა კამპანიამ საკონსტიტუციო სასამართლოს და ხვალ [13 აპრილს] იწყება ეს მნიშვნელოვანი პროცესი, ხვალ არის სარჩელის დასაშვებობის საკითხის განხილვა,”- აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ვერძეულის თქმით, კამპანია ყურადღებას გაამახვილებს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზეც:

“როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ეს სისტემა რჩება რეპრესიულ იარაღად გარკვეული არასასურველი თუ კრიტიკული მოსამართლეების წინააღდეგ, რომელსაც საბჭო იყენებს. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებთან ერთად პრობლება გვაქვს ის, რომ საბჭოს ინდივიდუალური წევრები ძალიან კარგად ახერხებენ ამ ხარვეზების გამოყენებას საკუთარი ინტერესებისა  თუ საკუთარი მიზნებსთვის, რაც არის პრობლემა. თუმცა, რა თქმა უნდა,  მთავარი პასუხისმგებლობა არის კანონმდებელზე, რომელმაც საბჭოს არაჯანსაღი განზრახვები უნდა შეზღუდოს  კანონმდებლობის საფუძველზე და არ მისცეს შესაძლებლობა და მექანიზმები, რომ საბჭომ თვითნებური დანიშვნები განახორციელოს,”- ამბობს სოფო ვერძეული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი