ახალი ამბები

ნაცვლიშვილი კადრების საქმეზე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული სიმართლე ამ დანაშაულის შესახებ

12 აპრილი, 2016 • 1392
ნაცვლიშვილი კადრების საქმეზე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული სიმართლე ამ დანაშაულის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიებამ საზოგადოებას უნდა უთხრას სრული სიმართლე უკანონო ფარული ვიდეოგადაღებების შესახებ.

ნეტგაზეთი საიას თავმჯდომარეს 12 აპრილს კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ დაწყებული ახალი კამპანიის,”სამართალი ითხოვს” პრეზენტაციაზე ესაუბრა.

11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ბრალდებით პროკურატურამ 8 აპრილს პირი დააკავა.

ნაცვლიშვილის განცხადებით, საზგოგადოების აქტიურობისა და მოთხოვნების შემდეგ პროკურატურამ უკანონო ჩაწერების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ნაბიჯები წინ გადადგა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს 2012 წლამდე ჩადენილი სისტემური დანაშაული და საგამოძებო უწყებამ უმოქმედობით ძვირფასი დრო გააცდინა

“სად იყო ეს უწყება აქამდე, მაშინ, როდესაც ყველასათვის, განსაკუთრებით პროკურატურისთვის, კარგად იყო ცნობილი, რომ არსებობდა ათასობით კადრი, რომ ბუნებრივია, არსებობდნენ ამ კადრების შემქმნელები, დამკვეთები, ადამაინები, რომლებიც სარგებლობდნენ, ან ხელს აფარებდნენ ამ სისტემას, და ამ მიმართულებით სისტემური გამოძიება არ წარმართულა. გარდა იმისა, რომ კონკრტული პირები იყვნენ იდენტიფიცირებული და დასჯილი კანონის ძალით, აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე ამ დანაშაულის ანატომიის შესახებ: როგორ, რა სისტემით, რა მეთოდით, კანონში თუ სხვა სისტემებში არსებული რა სისუსტეების გამოყენებით გახდა შესაძლებელი, რომ სახელმწიფო მანქანა ჩართული ყოფილიყო ამ უმძიმეს დანაშაულში,”- ამბობს ნაცვლიშვილი. 

მისივე თქმით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ დანაშაულში სახელმწიფოს გარდა ჩართულ იყო კერძო სექტორიც, კონკრეტულად – სასტუმროები. სასტუმროს ნომერში დამონტაჟებული ფარული კამერის შესახებ პროკურატურამ 8 აპრილს განაცხადა.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საზგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რომელი სასტუმროების მფლობელები იყვნენ ჩართული უკანონო ქმედებებში, რათა გადაწყვიტონ, შემდგომში ისარგებლებენ თუ არა მათი მომსახურებით:

“ეს არის ძალიან საგანგაშო ამბავი, როდესაც ტოტალური კონტროლის პირობებში არა მხოლოდ სახელმწიფო, არაედ სხვა სუბიექტებიც შესაძლოა გახდნენ დანაშაულის თანამონაწილეები. ეს ცალკე შესწავლის თემა უნდა გახდეს და ამაზეც გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულად და დროულად. საზოგადოებამ სრული სიმართლე უნდა გაიგოს ამ დანაშაულის ანატომიის შესახებ და მიიღოს გადაწყვეტილება. მათ შორის, მაგალითად, ეს თემა აცოცხლებს ბიზნესის სოციალური პასუხიმგებლობის თემას – ადამიანებს აქვთ უფლება იცოდნენ, რომელ ბიზნეს-სუბიექტებში ხდებოდა ამ ტიპის უკანონო მოქმედებები, და თუ ამ ბიზნეს-სუბიექტების ხელმძღვანელების ჩართულობა იყო, მაშინ მომხმარებელი თავად გადაწყვეტს, უნდა თუ არა მას ამ ტიპის ბიზნესთან თანამშრომლობა,”- განაცხადა მან.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უკანასკნელ თვეებში განახლებული კამპანია “ეს შენ გეხება” მოითხოვს, რომ დადგეს იმ პირთა სისხლის სამართლებროვი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ დანაშაულში და ასევე, მათ ვეღარ გააგრძელონ მუშაობა საჯარო სამსახურში.

“იმიტომ, რომ ამ ტიპის დანაშაულში ჩართულობა ადასტურებს, რომ ეს ადამაინები საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ვერ მოქმედებენ და ექვემდებარებიან კერძო პოლიტიკურ დაკვეთებს,”- ამბობს ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილი ასევე ამბობს, რომ პარლამენტმა უნდა გამოიყენოს თავის ხელთ არსებული ბერკეტები და დაიბაროს ძალოვანი უწყებების მეთაურები, მათ შორის, მთავარი პროკურორი და მათ ანგარიშვალდებულება აგრძნობინოს.

“ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის მთავარი პროკურორის და ამ უწყების მუშაობასთან მიმართებაში, იქნება ეს კადრები, იქნება ეს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სპეციალური დეპარტამენტის მუშაობა, თუ ასე შემდეგ. საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი აქამდე იყო არაქმედითი და ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რა ქვეყანაში მიმდინარეობს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტი, რომ ეს ადამიანები დაიბაროს, მათ აგრძნობინოს ანგარიშვალდებულება, და საზოგადოებას შეუქმნას დაცულობის გარანტიები,”- განაცხადა მან. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი