ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსის” წევრის შესაძლო ცემის ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

11 აპრილი, 2016 • 1367
“პატრიოტთა ალიანსის” წევრის შესაძლო ცემის ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

შსს-ს განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” წევრისა და “ობიექტივის” ჟურნალისტის, თარხან გასვიანის შესაძლო ცემაზე შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.

გასვიანის თქმით, ვაკის რაიონის პოლიციამ იგი უკანონოდ დააკავა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პოლიცია კი აცხადებს, რომ საკითხზე მოკვლევა დაიწყო.

როგორც გასვიანმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერით გადაცემაში “ინგა გრიგოლიას დღის ამბები” განაცხადა, 7 აპრილს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამმა პირმა ის და მისი მეგობარი ფალიაშვილის ქუჩაზე გააჩერა და საბუთები შეუმოწმა.

გასვიანის ამბობს, რომ მანაც მოსთხოვა სავარაუდო პოლიციელებს საკუთარი თავის წარდგენა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ, აცხადებს გასვიანი, მან ვიდეოს გადაღება დაიწყო, რამაც პოლიციელები გააღიზიანა, რის შემდეგაც ის და მისი მეგობარი პოლიციაში წაიყვანეს.

გასვიანის თქმით, მას წაართვეს ტელეფონი და ჩაწერილი ვიდეო წაშალეს. იგი მოითხოვდა ეთქვათ, თუ რის გამო დაკავეს და მიეცათ დარეკვის უფლება. გასვიანი ამბობს, რომ მის მიმართ კანონის დარღვევაში მონაწილე ორი პოლიციელის სახელი და გვარი იცის: მანუჩარ შონია და გიორგი კაკაფაშვილი.

“მოვიდა გიორგი კაკაფაშვილი, ეს არის ვაკის პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელიც შემოვიდა, ფეხების ტერფებზე, ყელში წამავლო და მითხრა, აბა, ახლა გადაიღე ვიდეოები, და დამიწყო გინება და ფიზიკური შეურაცხყოფა. ასე მითხრა, ნეტავ მიშას დრო იყოს, ამ “აბოიმას” დაგაცლიდი ბოლომდე შუბლზეო”, – ამბობს გასვიანი.

გასვიანი ამბობს, რომ პროკურატურასაც მიმართა. იგი ითხოვს, რომ პოლიციელებმა დატოვონ დაკავებული თანამდებობები და პასუხის აგონ კანონის წინაშე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი