ახალი ამბებისამართალი

12 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვას იწყებს

11 აპრილი, 2016 • 1419
12 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლო რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვას იწყებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 12 აპრილს, 10:30 საათზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ისა და “ტელეკომპანია საქართველოს” საკონსტიტუციო სარჩელების არსებითი განხილვა გაიმართება.

ერთ შემთხვევაში დავის საგანია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის  423-ე მუხლის პირველი ნაწილი ( 1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.)

 

მეორე შემთხვევაში კი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-20 მუხლი, 23-ე მუხლის პირველი და მე-10 პუქნტები ( მუხლი 20 – კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.  მუხლი 23 – 1. ამ კანონის მე-19 მუხლის პიტველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილბა, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.  მუხლი 23 – 10. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სადავო აქტი ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან.)

ეს სწორედ ის მუხლებია, რომელთაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ იყენებდა. მოსამართლე თამაზ ურთმელძემ ქიბარ ხალვშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამჟამად საქმე სააპელაციო სასამართლოში იხილება. რუსთავი 2-ის საქმე და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი