ახალი ამბები

თბილისში ტრანსპორტის სფეროში პრობლემების შესასწავლად კვლევა ჩატარდება

11 აპრილი, 2016 • 1983
თბილისში ტრანსპორტის სფეროში პრობლემების შესასწავლად კვლევა ჩატარდება

ტრანსპორტის სფეროში დედაქალაქში არსებული პრობლემების შესწავლის მიზნით აპრილ-ივნისში ჩატარდება კვლევა, რომელიც პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 6,000 შინამეურნეობის გამოკითხვას ითვალისწინებს.

“კვლევის შედეგად შეიქმნება საინფორმაციო ბაზა მგზავრთა ნაკადებისა და გადაადგილების კორიდორების შესახებ. მისი შედეგების ანალიზი მოგვცემს პრობლემების იდენტიფიკაციის საშუალებას, რათა შემუშავდეს ღონისძიებები ტრანსპორტის მუშაობის  გაუმჯობესების მიზნით,”- აღნიშნავს მუნიციპალური განვითარების ფონდი. თბილისის მერიასთან შეთანხმებით, კვლევას სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩაატარებს

როგორც ნეტგაზეთს ფონდის პრესსამსახურში განუცხადეს, პროექტის ღირებულება 211 759 ლარია, რაც აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსდება.

კვლევას განახორციელებს ქართული კოპანია “გორბი” ფრანგული კომპანია “Systra”-ს საერთაშორისო ექსპერტის ზედამხედველობით. როგორც მუნიციპალური განვითრების ფონდში განმარტავენ, კომპანიები აზიის განვითარების ფონდის პროცედურების მიხედვით ჩატარებული ტენდერის შედეგად შეირჩა.

პრესსამსახურის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 6-თვიანი სამუშაო. აქედან საველე სამუშაოები კი 12 აპრილი –  15 ივნისის პერიოდში ჩატარდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, კვლევის შედეგად მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას თბილისში არსებული სარანსპორტო ნაკადების შესახებ, ასევე, სხვა სახის ინფორმაციასაც:

მუნიციპალური განვითარების ფონდის დოკუმენტი

მუნიციპალური განვითარების ფონდის დოკუმენტი

2014 წლის ინფორმაციით, ყოველ მესამე თბილისელს ავტომობილი აქვს. 2015 წელს თბილისის მერიამ საცობები იმით ახსნა, რომ ქალაქში განხორციელდა ლოკალური ხასიათის პროექტები, რომლებმაც საცობების პრობლემა ვერ გადაწყვიტა. მერია იმედოვნებს, რომ ტრანსპორტის განვითარების გეგმის დამუშავების შემდეგ საცობების პრობლემის მოგვარება შესაძლებელი გახდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი