ახალი ამბები

პრემიერი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

11 აპრილი, 2016 • 1030
პრემიერი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა ყოველწლიური საინვესტიციო ფორუმის პლენარულ სესიაზე “გლობალური ლიდერების დებატები”, სადაც მან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და  ბიზნესის სიმარტივის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებაც.

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება. 2014 წელს დაფიქსირდა 80-პროცენტიანი ზრდა და ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 1,75 მილიარდი დოლარი. ამ ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა, უწყვეტი რეფორმები ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, მტკიცე საგარეო-სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა. საქართველო მაქსიმალურად იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩვენ გვთავაზობს ორი წლის წინ ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან. ასე რომ, ქვეყნებისთვის, რომელთაც არ აქვთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ხელსაყრელია ინვესტირება საქართველოში. მნიშვნელოვანია საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი მაღალი შედეგები სხვადასხვა ბიზნესრეიტინგში, ჩვენი დაბალი გადასახადები,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

გარდა ამისა, პრესსამსახურის ცნობითვე, კვირიკაშვილი შეხვდა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.

მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოების კუთხით არსებულ უდიდეს პოტენციალზე და გამოთქვეს მზადყოფნა,  ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციის მოზიდვის მიმართულებით.

“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში, რომლის ინვესტიციები სხვადასხვა სექტორში 700 მილიონ დოლარს შეადგენს. 2015 წელს ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვამ გადააჭარბა 240 მილიონ აშშ დოლარს, რაც ექვსი პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს,”- ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი