ახალი ამბები

„ინფექციები საზღვრებს არ ცნობენ“

28 სექტემბერი, 2011 • 1148
„ინფექციები საზღვრებს არ ცნობენ“

როგორ უნდა იყვნენ დაცული ადამიანები სხვადასხვა ინფეცქციის საკვლევი ლაბორატორიების ზეგავლენისგან? – ამ და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილების მისაღებად საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  სპეციალისტები ჩამოვიდნენ.

„იმისთვის, რომ თითოეულ ქვეყანაში ლაბორატორიების მუშაობა ადამიანებისთვის უფრო მეტად უსაფრთხო იყოს, ქვეყნებმა ერთმანეთს გამოცდილება უნდა გაუზიარონ, ვინაიდან ინფექციები საზღვრებს არ ცნობენ “, – ამბობს საქართველოს ბიოუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი ლელა ბაქანიძე.

ბიოუსაფრთხოების საკითხებზე  კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება. მასში მონაწილებას, ძირითადად, ცენტრალური აზიის (მათ შორის, ავღანეთი და პაკისტანი) და კავკასიის ქვეყნები იღებენ, ვინაიდან, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძალიან ბევრი ისეთი ლაბორატორიაა, რომელიც განსაკუთრებით საშიში პათოგენების კვლევაზე მუშაობს და ამ მხრივ ამ ქვეყნებს დიდი გამოცდილება გააჩნია.

ერთ–ერთ ასეთ ლაბორატორიას საქართველოში 70 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და ის შავი ჭირის სადგურის სახელითაა ცნობილი.

თუმცა ბიოუსაფრთხოების სპეციალისტთა კონფერეციაზე აქცენტი ყველა იმ დაავადებათა კვლევებზე გაკეთდება, რომლებიც დღეს ყველა ქვეყნისთვის აქტუალურად მიიჩნევა.

გამოცდილების მისაღებად და ინფორმაციის გაცვლის მიზნით საქართველოში აფრიკის ქვეყნებიდანაც ჩამოვიდნენ  სპეციალისტები.

როგორც ბიოუსაფრთხოების ასოციაციის წარმომადგენელი პაატა იმნაძე ამბობს, აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები სწორედ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებენ.

„აქ ხდება სადიაგნოსტიკო საქმიანობიდან დაწყებული და სამეცნიერო საქმიანობით დამთავრებული საკითხების ირგვლივ გამოცდილების გაზიარება. მთელი ეს თავყრილობებიც სწორედ იმისთვისაა, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ პათოგენებზე, თვითონაც დაცულენი იყვნენ და გარშემო მცხოვრებლებიც დაიცვან“, –ამბობს პაატა იმნაძე.

„კონფერენციაში ბევრი ქვეყნის მონაწილეობა საშუალებას იძლევა, ბიოუსაფრთხოების საკითხები განხილული იყოს საერთაშორისო დონეზე. მნიშვნელოვანია საერთაშორისო კავშირებისა და კომუნიკაციის სისტემების თვალსაზრისით. გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში ტარდება ტრენინგები, რომელიც ითვალისწინებს ბიოუსაფრთხოების სპეციალისტების მომზადებას. ისინი გაეცნობიან თანამედროვე სტანდარტებს, რეკომენდაციებს, გაიდლაინებს“, –აღნიშნავს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნატა ავალიანი.

ვალერი დუბოვოი კონფერეციაზე დასასწრებად თბილისში რუსეთიდან ჩამოვიდა. იგი რუსეთის ფიტოპათოლოგიური ინსიტუტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს.

„ჩვენ გვაქვს კოლექცია ფიტოპათოგენური მიკროორგანიზმების, ამიტომ ბიოუსაფრთხოების საკითხები ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეს შეხვედრა კოლეგებთან ურთიერთობის საშუალებას იძლევა, მითუმეტეს,  მე და პაატა იმნაძეს რვა წელია ერთმანეთი არ გვინახავს და ეს შეხვედრა ამისთვის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა“, –ამბობს დუბოვოი.

ორდღიანი კონფერენცია თბილისში 28–29 სექტემბერს აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს საფრთხის შემცირების სააგენტოს, კანადის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს გლობალური პარტნიორობის პროგრამის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ხელშეწყობით ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი