ახალი ამბები

Panama Papers: დავით კეზერაშვილს ოფშორულ ზონაში 3 კომპანია ჰქონდა

10 აპრილი, 2016 • 3863
Panama Papers: დავით კეზერაშვილს ოფშორულ ზონაში 3 კომპანია ჰქონდა

შვეიცარიული გაზეთის Tribune de Geneva ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ასევე აღმოჩნდა “პანამის ფურცლებზე”. მან 2008 წელს, მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, ოფშორულ ზონაში სამი კომპანია გახსნა ჟენევაში მოქმედი იურიდიული კომპანიის დახმარებით.

როგორც ფრანგულენოვანი გამოცემა წერს, იურიდიულ კომპანია “მოსაკ ფონსეკას” დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2012 წელს კეზერაშვილის ერთ-ერთი კომპანიის სახელზე ჟენევის ბანკში (BCGE) ანგარიში გაიხსნა, რომელზეც 20 მილიონი ფრანკი ჩაირიცხა. მსგავსი ხერხით კიდევ 25 მილიონი ჩაირიცხა ABN AMRO და BNP ბანკებში, ჟენევაში. 2013 წელს კი საქართველოში დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და ინტერპოლის წითელი ცირკულარითაც იძებნებოდა.

ამის შემდეგ, 2013 წლის მაის-ივნისში, კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, ჟენევაში მოქმედი იურიდიული კომპანიის წარმომადგენელი, მოითხოვს, რომ “მოსაკ ფონსეკამ” საარქივო დოკუმენტაცია ჩაასწოროს. ყოფილი მინისტრი ახერხებს, რომ საკუთარი წილები ორ სხვა ოფშორულ კომპანიას გადასცეს.

ჟენევაში გაზეთის ანონიმური ინფორმაციის წყარო იმ იურიდიული კომპანიის წარმომადგენელია, რომელიც დავით კეზერაშვილს ემსახურებოდა. როგორც ის გაზეთთან საუბარში აცხადებს, საკუთარი იურიდიული კომპანიის სახელით, უპასუხა საქართველოს მთავრობის შეკითხვებს ყოფილ კლიენტთან დაკავშირებით. მისი თქმით, ის არ ყოფილა კომპანიების ფინანსური შუამავალი, რადგან არასდროს მიუწვდებოდა ხელი კეზერაშვილის ფინანსურ დოკუმენტაციაზე.

Panama papers-ის სახელით არაერთ ქვეყანაში გამოქვეყნდა ოფშორულ ზონებთან დაკავშირებული პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების შესახებ მონაცემები. ჟურნალისტური გამოძიების მიერ მოპოვებული ფაილები ნაწილია იმ “გაჟონილი” საინფორმაციო ბაზიდან, რომელიც ოფშორულ ზონაში მოქმედ იურიდიულ ფირმა “მოსაკ ფონსეკას” ეკუთვნის. ამ ეტაპზე დოკუმენტების გაცნობის საშუალება ყველა ქვეყნის მედიას არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი