ახალი ამბები

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

10 აპრილი, 2016 • 1617
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილებით კუდ-ის 6 ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებსაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული მასალის მოპოვება-შენახვა ედებათ ბრალად, პატიმრობაში რჩებიან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საფრთხე, ბრალდებულებმა გამოძიების მიმდინარეობას ხელი შეუშალონ, ამიტომ მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ირაკლი ყიფშიძის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოა და განჩინების გაცნობის შემდეგ ბრალდებულები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ:

“არანაირი მტკიცებულები არ იყო. გადაწყვეტილება არის სრულიად უკანონო. დასაბუთებული განჩინებაის გაცნობის შემდეგ, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. არა,მარტო სააპელაციო სასამართლოში, არამედ ვგეგმავთ, რომ გავასაჩივროთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, სადაც დადგინდება, რომ დღეს მოსამართლემ ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები და დაარღვია ყველაზე ფუნდამენტური უფლება – თავისუფლების უფლება,” – აცხადებს ველიჯანაშვილი.

პროკურორ მაკა ჯვარშეიშვილის განცხადებით კი, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძვლებს ემყარებოდა; არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ამიტომ გაჩნდა აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

პროკურატურამ 8 აპრილს განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომლებსაც ბრალად ედებათ მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

გამოძიებამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 5 პირი დააკავა, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს დაუსწრებლად წარუდგენს ბრალს.

დაკავებულების არიან ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი, რომან ზაალიშვილი, ირაკლი ყიფშიძე, ზურაბ პავლიაშვილი და გიგლა შიოშვილი. გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარუდგენენ ბრალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი