ახალი ამბები

პროკურორი: მოწმეები არიან [სუს-ის] როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამშრომლები

9 აპრილი, 2016 • 1974
პროკურორი:  მოწმეები არიან  [სუს-ის] როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამშრომლები

“ვერ მოგახსენებთ კონკრეტულ სახელებს და გვარებს, თუმცა ვადასტურებ, რომ მოწმეები არიან  როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამშრომლები, -ეს განცხადება პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვება-შენახვის საქმეზე დაკავებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა:

“მოწმეების იდენტიფიცირება ჩემს მიერ ვერ მოხდება, არის მოწმეების პირდაპირი ჩვენებები და არის ნივთმტკიცებები, რაც ერთობლივად ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რაც საჭიროა როგორც ბრალის წარსადგენად, ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ვადასტურებ, რომ არიან როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამშრომლები,” – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი პროკურატურაში გამოცხადდა და დააკავეს:

“როდესაც პროკურატურამ ბრიფინგი ჩაატარა, დაკავებული იყო ხუთი პირი, ხოლო ბრიფინგის შემდეგ გიგლა შიოშვილი გამოცხადდა პროკურატურაში და, შესაბამისად, მეექვსე პირი არის დაკავებული.”

 

თბილისის საქალაქო სასამართლო ფარული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების საკითხს იხილავს. ისინი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვება-შენახვის ბრალდებით 8 აპრილს დააკავეს.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა პროცესის დახურვის თაობაზე. შუამდომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა და სასამართლო დარბაზი დაკავებულების ახლობლებმა და ჟურნალისტებმა დატოვეს.

სასამართლო პროცესი 19.30 საათზე დაიწყო და სავარაუდოდ რამდენიმე საათს გაგრძელდება, რადგან მოსამართლემ 5 პირის შესახებ უნდა მიიღოს აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება.

დაკავებულების ადვოკატები მოსამართლეს თხოვენ, არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე, რადგანაც მათი მტკიცებით, გამოძიებას არა აქვს მტკიცებულებები.

პროკურატურამ 8 აპრილს განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომლებსაც ბრალად ედებათ მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.

გამოძიებამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 5 პირი დააკავა, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს დაუსწრებლად წარუდგენს ბრალს.

დაკავებულების არიან ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი, რომან ზაალიშვილი, ირაკლი ყიფშიძე და ზურაბ პავლიაშვილი. გივი კაციტაძეს დაუსწრებლად წარუდგენენ ბრალს და  გიგლა შიოშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი