ახალი ამბები

“ილიას ტბა”

27 სექტემბერი, 2011 • 2158
“ილიას ტბა”

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 27 სექტემბერს, დურუჯის ტბის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები იმ 30 პედაგოგთან ერთად დაათვალიერა, რომლებიც პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროგრამაში ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილეობენ. საქართველოს პრეზიდენტმა მათ ის ადგილები დაათავლიერებინა, სადაც სარეკრეაციო ზონა შენდება. ახალი ზონა  5 ნოემბერს ილიაობის დღესასწაულზე გაიხსნება, ახალ ტბას კი სიმბოლურად ილიას ტბა დაერქმევა.

“კახელებს ისიც შევთავაზე, რომ ტბას „ილიას ტბა” ვუწოდოთ”. ეს წყალსაცავი მდინარე დურუჯით ივსება. სამუშაოების დასრულების შემდეგ აქ საკმაოდ დიდი ტბა (შედარებისთვის კუს ტბაზე სამჯერ დიდი) იქნება, რომელშიც ხელოვნური კუნძული შეიქმნება. ტბის გარშემო მოეწყობა ძალიან ლამაზი სანაპირო ზოლი, დაახლოებით 700-800-მეტრიანი ბულვარი, კაფე და 4-კილომეტრიანი ველოტრასა. აქაურობა ყვარელს ხიდით დაუკავშირდება. ტბის წყალი მუდმივად გაიფილტრება, რის შედეგადაც წყალს ცისფერი შეფერილობა მიეცემა. ირგვლივ მდებარე მთებს შორის მივიღებთ ულამაზეს ტბას, რომლის სიახლოვეს ნეკრესისა და გრემის მონასტრები მდებარეობს. აქვეა ლოპოტას და ყვარლის ტბები, თუმცა, დურუჯის ტბისგან განსხვავებით, ისინი კერძო საკუთრებაა და იქ შესასვლელად ფული უნდა გადაიხადო. დურუჯის ტბა კი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამ პროგრამაში მონაწილეობის დასრულებისას მსურს, რომ ყველანი აქ შევიკრიბოთ და პროგრამასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. 5 ნოემბერს ილიაობაა და გვსურს, რომ ამ დრომდე მოვასწროთ დურუჯის ტბის კეთილმოწყობა. ფაქტობრივად, ერთ თვეზე ოდნავ მეტი დრო რჩება, იმისათვის, რომ მისი გახსნა ამ დღესასწაულზე შევძლოთ”, –განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი