ახალი ამბებიკომენტარი

ლელა გვიშიანი: სასამართლომ მეტროს მუშების პოზიციის მოსმენის გარეშე გადადო გაფიცვა

9 აპრილი, 2016 • 1670
ლელა გვიშიანი: სასამართლომ მეტროს მუშების პოზიციის მოსმენის გარეშე გადადო გაფიცვა

თბილისის მეტროპოლიტენის მუშები 8 აპრილს გაფიცვას გეგმავდნენ, თუმცა დამსაქმებლის მიმართვის შემდეგ სასამართლომ გაფიცვა 30 დღით გადადო. “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი ლელა გვიშიანი, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, მიიჩნევს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ მეტროს მუშების აზრი და დასაბუთება არ მოუსმენია.

 

რამდენად არის ეს გადაწყვეტილება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასა და შრომით კანონონმდებლობასთან?

ჩვენი შრომის კოდექსი განსაკუთრებულ შემთხვევებში ითვალისწინებს უკვე დაწყებული გაფიცვის შეჩერებას ან გაფიცვის გადადებას. ამდენად, ნამდვილად აქვს სასამართლოს უფლება გადადოს გაფიცვა, თუმცა განჩინების კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი.

 

რამდენად მნიშვნელოვანი ხარვეზებია?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი მიმართულებით არის ხარვეზი. პირველი, ეს არის მხარეთათვის პროცესში მონაწილეობის პრობლემა. სასამართლოში საკითხის განხილვა წარიმართა ისე, რომ დასაქმებულებს საშუალება არ მიეცათ, ჩართულიყვნენ პროცესში. სასამართლომ ვერ უზრუნველყო შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა, რამაც “ერთობა 2013”-ს [მეტროში დასაქმებულთა ის გაერთიანება, რომელსაც გაფიცვა სურს] პროცესში მონაწილეობის საშუალება არ მისცა. ეს გულისხმობს იმას, რომ საქმე სასამართლომ განიხილა იმგვარად, რომ თავის თავში არ მოიცავდა ვალდებულებას, რომ დასაქმებულის პოზიციები ყოფილიყო წარმოდგენილი.

ვფიქრობთ, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო მას შემდეგ. რაც მოისმენდა ორივე მხარის არგუმენტებს. ამ შემთხვევაში სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ განმცხადებლის არგუმენტებს. მეორე მხარის პოზიცია სასამართლოს არ მოუსმენია.

 

კანონი დაარღვია მოსამართლემ, თუ ცუდ პრაქტიკასთან გვაქვს საქმე?

როგორ უნდა წავიდეს შრომითი გაფიცვის გადადების პროცედურა, ზუსტად ჩვენი კანომდებლობლობა არ განმარტავს. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომელი კანონი დაარღვია სასამართლომ, თუმცა საქმის წარმოების პროცედურის არჩევის დროს სასამართლომ დაუშვა შეცდომა.

მეორე პრობლემა არის განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავის მიერ მიღებული განჩინება გაფიცვის გადადების შესახებ დაუყოვნებლივ აღსრულებულიყო მისი მიღების მომენტიდან. აღსრულება ეკისრებოდა “ერთობა 2013”-ის მემანქანეებს – დასაქმებულები უნდა გასულიყვნენ სამსახურში. თუმცა სასამართლოს არ განუმარტავს, რომელ ნორმას ეყრდნობოდა, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებდა.

მნიშვნელოვანია, რომ ნორმა, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობას უშვებს, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს შეჩერებული. ამიტომ სასამართლოსთვის ეს ნორმა არც კი არსებობს. ამ შემთხვევაში ჩვენ ჩიხურ სიტუაციაში შევდივართ, თუკი გასაჩივრების შემდეგ ეს განჩინება გაუქმდება.

 

მოსამართლე საუბრობს იმაზე, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების- სახანძროს, სამაშველოს, სასწარაფოს მუშაობას ხელს შეუშლიდა მეტროს გაფიცვით გამოწვეული ტრანსპორტის გადატვირთვა ქუჩებში. ეს არგუმენტი რამდენადააა საფუძვლიანი, იმიტომ, რომ ნებისმიერ წამს იქნება მსგავსი პრობლემა?

კანონის მიხედვით, დამსაქმებელს მხოლოდ ერთჯერადად აქვს შანსი, რომ 30 დღით გაფიცვის გადადება მოითხოვოს. ამ პერიოდის განმავლობაში აწარმოოს მედიაცია, მოლაპარაკებები გამართოს დასაქმებულებთან, რომ შეთანხმებას მიაღწიონ და გაფიცვა თავიდან აირიდონ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გაფიცვის გადადება.

მნიშვნელოვანია კონტექსტის გაგება და სიტუაციის უფრო ფართოდ დანახვა. საქმე ისაა, რომ “ერთობა 2013”-ის წევრებს ეს საკითხები დამსაქმებელთან, თბილისის მერიასთან [თბილისის მეტროპოლიტენის მფლობელი თბილისის მუნიციპალიტეტია], დაყენებული აქვთ მრავალი წელია მოლაპარაკების პროცესი და დაპირებები ზეპირად, მათი ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მუდმივად მიმდინარეობდა.

თუმცა ისინი ვერ აღწევენ შედეგს. ამ დაპირებებს დამსაქმებელი არ ასრულებს. ეს გაფიცვა მათი მხრიდან იყო უკიდურესი და რადიკალური ზომა, რომელიც ამ რამდენიმე წლის უშედეგო მედიაციის პროცესმა მოიტანა. არ ვიცი, ეს ერთი თვე რას გადაწყვეტს მერიისთვის, თუმცა მას აქვს კანონით გათვალისწინებული უფლება. დაველოდოთ, რას მიაღწევენ ამ მედიაციის პროცესში.

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით დაიჭირა მეტროს 270 ათასი მომხმარებლის, ან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაწესებულებების მხარე და ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭა მშრომელთა უფლებებს?

ასე ცალსახად ამის თქმა არ შეგვიძლია, აქ ის შემთხვევაა, რომ სასამართლოს წინაშე იყო მხოლოდ ერთი არგუმენტი, დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი განცხადება, რომელშიც უთითებდა მხოლოდ ამ ფაქტობრივ გარემოებას. სასამართლოს არ მოუსმენია მეორე მხარისთვის. ვერ ვიტყვით, სასამართლომ გაითვალისწინა თუ არა ამდენი ადამიანის ინტერესი, თუმცა მან გაიზიარა არგუმენტი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების საქმიანობას შეუშლიდა ხელს. ეს იყო კრიტერიუმი, რითიც იხელმძღვანელა სასამართლომ.

 

ხომ არ იქცევა პრეცედენტად ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ფართომასშტაბიანი გავლენა ექნება შრომითი დავების დროს წაროქმნილ გაფიცვებზე?
მე როგორც ვიცი, აქამდე სასამართლოს გაფიცვის გადადების შესახებ გადაწყვეტილება არ გამოუტანია, ამიტომ საქმეს ნამდვილად აქვს პრეცედენტული მნიშვნელობა. როდესაც პროცედურულ დარღვევებზე ვსაუბრობთ, ამ საკითხსაც ვითვალისწინებთ შემდეგ, იმიტომ, რომ ეს არის პრეცედენტული მნიშვნელობის საქმე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად წარიმართოს პროცესი სასამართლოში. ეს უნდა იყოს სასარჩელო გზით, შეჯიბრებითობის პროცესის გზით, ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს საქმის განხილვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი