ახალი ამბები

NATO-ს სკეპტიკოსები მმართველი პოლიტიკური გუნდიდან

11 აპრილი, 2016 • 2707
NATO-ს სკეპტიკოსები მმართველი პოლიტიკური გუნდიდან

თამაზ მეჭიაური “ქართული ოცნების” პირველი დეპუტატი არ არის, რომელმაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანშეწონილობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. რას ნიშნავს ეს- ცალკეული პოლიტიკოსების პირადი მოსაზრებების გამოხატვას, თუ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ საზოგადოებაში ნიადაგის მოსინჯვას?

“საქართველოს კურსი არის ძალიან მკაფიო: ინტეგრაცია ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამას ხელს ვერ შეუშლის ვერავინ და ვერაფერი. ეს არის ქართველი ხალხის ნება. დამთავრდა, წერტილი”, – ასე უპასუხა მინისტრთა კაბინეტის წევრმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ნეტგაზეთის მიერ თამაზ მეჭიაურის, ხოლო მანამდე გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დასმულ შეკითხვას.

ამ თემაზე მთავრობის სხვა წევრების პოზიციების მოსმენა ვერ მოვახერხეთ, თუმცა კომენტარი პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, “ქართული ოცნების” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა:

“ნატოსთან ისეთი ინტენსიური ურთიერთობები, როგორიც დღეს გვაქვს, არასდროს გვქონია. ცალკეული დეპუტატებისაგან გამოთქმული მოსაზრებები, მე ვფიქრობ, მთლიანად მათ პირად მოსაზრებებს ემყარება და ვერანიარად ვერ მოახდენს გავლენას იმ სახელისუფლებო გადაწყვეტილებაზე, რაც ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაა”, – განაცხადა სესიაშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში.

თამაზ მეჭიაურმა ნატოსადმი მის დამოკიდებულებაზე პირველად 7 აპრილს ისაუბრა “კავკასიის” ეთერში. დეპუტატის თქმით, ის მზადაა, უარი თქვას ნატოზე, თუ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საქართველოს ინტერესებს დაუპირისპირდება. მან ახსენა “ნეიტრალიტეტიც”.

დეპუტატს 7 აპრილს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს NATO-ს მხრიდან საქართველოს ინტერესთან დაპირისპირებაში, თუმცა დამატებითი კომენტარები მეორე დღეს გააკეთა. მისი თქმით, იგი არა მხოლოდ ნატოზე, არამედ ყველა ბლოკზე იტყვის უარს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დაუპირისპირდება. ასეთი კი, მისი თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიც შეიძლება იყოს. დეპუტატი ამ კონტექსტში ახსენებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება იმას, თუ რა შესაძლო საფრთხეს ხედავს ნატოსგან, იგი ამბობს:

“თვითონ გვეუბნებიან, ჯერ ვერ მიგიღებთო, რა აურზაური ავტეხეთ. მე თუ საომარ სიტუაციაში მოვყევი მაგის გამო, უარი რატომ არ უნდა ვთქვა?”, – განაცხადა მეჭიაურმა და შესაძლო საომარი სიტუაციის მაგალითად ბოლოდროინდელი მოვლენები დაასახელა: “თურქეთმა განაცხადა, მე აზერბაიჯანს დავუჭერ მხარსო, ზოგიერთმა განაცხადა, მე იმას ვუჭერ მხარსო. საქართველო აქ მხარე არ უნდა იყოს. როგორც კი მხარე გახდება, საქართველო შეიძლება რამდენიმე ნაწილად დაინგრეს და ვერც ნატო გვიშველის და ვერც რუსეთი”.

თამაზ მეჭიაური პირველი დეპუტატი არ არის მმართველი კოალიცია “ქართული ოცნებიდან”, რომელიც ნატოსთან დაკავშირებით გარკვეულ საფრთხეებზე აპელირებს. მსგავსი, ან ოდნავ განსხვავებული ტიპის კომენტარები საზოგადოებას მოსმენილი აქვს გოგი თოფაძისგან, გოგი ქავთარაძისგან. ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ ნატოს კარი ღიაა, თუმცა იქამდე მისასვლელი დანაღმულია.  სოსო ჯაჭვლიანის თქმით, თუ ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ საქართველოს სოხუმსა და ცხინვალზე უარის თქმა მოუწევს, იგი ალიანსის წევრობაზე თანახმა არ იქნება.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში საკითხის ისე დაყენება, რომ ნატო შესაძლოა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დაემუქროს, ან საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და ტერიტორიულ მთლიანობას შორის, არასწორია და ახალისებს პრორუსულ ნარატივს:

“ამ დაშვების ავტორი აცდენილია საქართველოს რეალობას და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით დგას, სწორი შეხედულება არ აქვს”, – ამბობს კაკაჩია და დასძენს, რომ მმართველი გუნდის წევრებისაგან მსგავსი ტიპის განცხადებები შესაძლოა ქვეყნის საგარეო პოლიტიკისათვის პრობლემადაც იქცეს:

“ამ ნარატივის ჩამოყალიბება და საკითხის ასე დაყენება ხელს აძლევს რუსეთს. რუსეთის პროპაგანდის უმთავრესი მიზანი საზოგადოებაში აზრის გახლეჩვაა. კრემლს სურს, რომ საქართველოში ამ ტიპის დებატები წარიმართოს, რომ თითქოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შორის ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ. ამ მესიჯის გამხმოვანაბელი სწორედაც რომ მაგ ნარატივის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ჰიპოტეტურად წარმოვიდგინოთ, რომ საქართველო უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: არავითარი გარანტია არ გვაქვს, რომ რუსეთი თავს დაგვანებებს. რუსეთისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, რომელიც ინტეგრირებულია დასავლეთთან”, – ამბობს კაკაჩია.

მისი თქმით, ნეიტრალიტეტი, რომელიც თავის განცხადებაში მეჭიაურმა ახსენა, საქართველოს შემთხვევაში არ იმუშავებს. კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ნეიტრალიტეტის თემაზე აპელირებაც რუსეთის ინტერესებშია, რადგან პრორუსული ძალები აცნობიერებენ, რომ ქვეყნის მიერ არჩეული პროდასავლური საგარეო კურსის ერთბაშად ცვლილება გაუჭირდებათ, ამიტომ პირველ ეტაპზე სწორედ ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობენ, რაც ამ შემთხვევაში  ნიშნავს ნაბიჯს რუსეთისკენ:

“ნეიტრალიტეტი უსაფრთხოების არავითარ გარანტიას არ იძლევა. პატარა სახელმწიფო, რომელსაც უსაფრთხოების პრობლემა აქვს (როგორც საქართველოს), ვერასოდეს დააბალანსებს საკუთარი ძალით, მაგალითად, რუსეთს. პატარა სახელმწიფოს ყოველთვის დასჭირდება ძალის სესხება. ის ალიანსებში უნდა შევიდეს იმისათვის, რომ საკუთარი თავი დაიცვას. სწორედ ამიტომ დაიწყო ალიანსების ჩამოყალიბება მე-18 საუკუნედან და დღემდე გრძელდება. კი, ბატონო, ვთქვათ, არ გვინდა ნატო, სხვა ალტერნატივა ვინ არის? რომელი სახელმწიფოა?”, – აცხადებს პოლიტოლოგი და მოლდოვას მაგალითი მოჰყავს:

“მოლდოვას ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული, რაზეც საქართველოშიც აპელირებენ ხოლმე. სახელმწიფო ნეიტრალურია, მაგრამ შედეგი რა აქვს? ეს უბრალოდ ზღაპარი და მიამიტური შეხედულებაა საგარეო პოლიტიკაზე იმის შესახებ, რომ თუ საქართველო ნეიტრალური გახდება, მისი პრობლემები მოგვარდება. აზერბაიჯანი მიუმხრობელი ქვეყანაა, მაინც არაა კმაყოფილი რუსეთი. პირიქით, ნეიტრალიტეტის პირობებში შეიძლება უფრო მეტი მოთხოვნები და ამბიციები გაუჩნდეს”, – აცხადებს იგი.

კაკაჩიას აზრით, ის, რომ თამაზ მეჭიაურმაც დაიწყო ნატოს წევრობაზე სკეპტიკური მესიჯების ტირაჟირება, დამაფიქრებელია, რადგან ეს დეპუტატი ბოლო დროს “ქართული ოცნების” არაერთ მნიშვნელოვან პოზიციას ახმოვანებს. მისი თქმით, თუ “ქართული ოცნების” პარტია, რომელიც მიმდინარე არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად იღებს, გუნდს არ განაახლებს და სიაში იგივე პოლიტიკოსები დარჩებიან, მათ შორის ისინი, ვინც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მსგავსი პოზიციიდან უყურებენ, ეს ბევრ რამეზე მიანიშნებს, მათ შორის იმაზე, რომ შესაძლოა მმართველი გუნდი მეჭიაურისა თუ სხვა დეპუტატების პირით საზოგადოებაში გარკვეული ნიადაგის მოსინჯვას ფიქრობდეს ნატოზე დეკლარირებული კურსის გადახედვის კუთხითაც:

“გარდა ამისა ეს ყველაფერი ასეც შეიძლება წავიკითხოთ, რომ თუ პარლამენტში წარმოდგენილი იქნებიან პრორუსული ძალები, კოალიციას არა რეპსუბლიკელებთან, არამედ მათთან შექმნიან. გარკვეულწილად ეს განცხადებები ამ ნიადაგსაც ქმნის. “ქართულ ოცნებას” ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლის შემდეგ ალბათ ვიღაცასთან კოალიციის შექმნა მოუწევს. ამ განცხადებებით ჩანს, საითაა მიპყრობილი მზერა. ეს არ მგონია, რომ კარგი შედეგის მომტანი იყოს არც “ქართული ოცნებისთვის” და არც საზოგადოებისთვის”, – ამბობს კაკაჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი