ახალი ამბები

”ქართველთა მარშს” ”სოციალ-დემოკრატებიც” უერთდებიან

26 სექტემბერი, 2011 • 1096
”ქართველთა მარშს” ”სოციალ-დემოკრატებიც” უერთდებიან

დღეს, 26  სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე “სოციალ– დემოკრატებმა” განაცხადეს, რომ ისინი უერთდებიან ხვალინდელ “ქართველთა მარშს.”  “სოციალ–დემოკრატების” თქმით, ხვალინდელი მარში მათთვის არის საშუალება, მოხდეს ხალხის გამოსვლა ”ქვეყანაში არსებული ანტიხალხური პოლიტიკის წინააღმდეგ.”

“ქართველთა მარში” ხვალისთვის არის დაგეგმილი და მას ორგანიზებას “ეროვნული ფორუმი” უწევს.

“სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში” აცხადებენ, რომ მათ ამის შესახებ გაზეთიდან შეიტყვეს და ვინმესთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, აპირებენ შეუერთდნენ ხვალინდელ მარშს.

გია ჟორჟოლიანი, “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი: “ჩვენთვის აღნიშული მარში არის ხალხის პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი საშუალება. ხალხი უნდა დაუბრუნდეს აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებას და არ ჭირდებათ მათ ლიდერები. ეს არის პირველი ეტაპი. მთავარია, არ მოატყუო ხალხი და არ უთხრა, რომ ხვალ შეიცვლება ხელისუფლება.”

პარტიის ლიდერმა იქვე დაამატა, რომ თუ ხალხი არ დაუბრუნდა აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებას, საქართველო მალე გახდება მარგინალური ქვეყანა, სადაც ხალხი მხოლოდ არჩევნებზე ივლის და დანარჩენ დროს იქნება მოვლენების პასიური მაყურებელი.

იმას, რომ “სოციალ–დემოკრატებს” “’ეროვნულ ფორუმთან” არანაირი კონსულტაცია არ გაუვლია, ამას თავად “ქართველთა მარშის” ინიციატორებიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ხვალინდელი დღე არ იქნება რომელიმე პარტიის საასპარეზო არენა და, შესაბამისად, ხვალ ნებისმიერ ქართველსა და არაქართველს ელიან ამ აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

ნოდარ ჯავახიშვილი, “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი: “საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იყოს ქართული სახელმწიფო. ვისაც სინგაპური უნდა, ხვალ ის, ალბათ, იქ არ მოვა. ჩვენ მივესალმებით ყველა სოციალ-დემოკრატს და არასოციალ-დემოკრატს, ვინც იქ მოვა, მაგრამ ხვალინდელ დღეს პოლიტიკური ძალები არ იქნებიან. იქ იქნებიან ქართველები, ჩვენ თვითონ ვთქვით, რომ ჩვენი დროშები არ იქნება ხვალ და სასურველია, თუ სხვებიც ასევე მოიქცევიან.”

მართალია, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მარში არაპოლიტიკურია, მაგრამ მასში არ მონაწილეობენ ექვსეულის წევრები. ხვალინდელ მარშს ოპოზიციიდან “სახალხო კრების”’ წარმომადგენლები უერთდებიან.

“ქართველთა მარშთან” დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია დააფიქსირეს ჩვენ მიერ გამოკითხულმა მოქალაქეებმა.

ნანა, 53 წლის: “შევხედავ, ხვალ რა მოხდება, მაგრამ მარშზე არ წავალ,  არ მგონია, სერიოზულად შეძლონ რამე, ეგენი არ იყვნენ, ხალხი რამდენჯერ უკან გააბრუნეს?”

ნელი, 48 წლის: “მე ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობ, აუცილებლად მივალ, იქნებ რამე შეიცვალოს და გვეშველოს ცოტა, დავიღალე ასეთი ცხოვრებით’”.

დათო, 22 წლის: “არც მარში მაინტერესებს და არც მთავრობა, ყველა თავის თავისთვისაა ამ ქვეყანაში.”

ამავე თემაზე:

საპროტესტო აქციების საშემოდგომო სეზონი იხსნება

მასალების გადაბეჭდვის წესი