ახალი ამბები

სამინისტროს ინფორმაციით, ბაბუშერაში დაღუპული 43-ივე მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია

8 აპრილი, 2016 • 1792
სამინისტროს ინფორმაციით, ბაბუშერაში დაღუპული 43-ივე მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია

დევნილთა სამინისტროს ცნობით, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი დასრულებულია. მათი ინფორმაციით, თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 43-ივე მებრძოლის ცხედარი იდენტიფიცირებულია.

დღეს, 8 აპრილს, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 12 მებრძოლის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 9 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ბაბუშერაში დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი სამებაში. 08.04.2016. ფოტო: დევნილთა სამინისტრო

ბაბუშერაში დაღუპული მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი სამებაში. 08.04.2016. ფოტო: დევნილთა სამინისტრო

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ–აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო–უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების ექსჰუმაცია.

ბაბუშერას ძმათა სასაფლაოზე სამარხის გახსნის შემდეგ, იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტები გადმოასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ-ის ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამ ეტაპზე ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 43-ივე ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია.

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად 2016 წელს კიდევ ორი სამარხი გაიხსნება, საიდანაც 100-ზე მეტ ცხედარს გადმოასვენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი